ბიძინა ივანიშვილი

მდინარაძე: ვერ დამისახელებთ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება რაიმე სანქციას დაედოს საფუძვლად

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც კი გარკვეულ არაფორმალურ სანქციებზე თავადვე საუბრობს. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესია მეორე მხარეს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემაც კი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი სისტემა იყო, მეორეხარისხოვანი გახდა იმ სხვა ინტერესთან შედარებით, რაზეც ჩვენ დღენიადაგ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების გარეშე, საბოლოო ჯამში, ბუნებაში არსებობს არაფერი საიმისო, რომ საფუძვლად დაუდონ გარკვეულ გადაწყვეტილებას. გაუჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, თუმცა ფაქტობრივი სანქციები, რომლებიც, მაგალითად, შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაწესდა და ამაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს, სახეზე გვაქვს, მაგრამ რაიმე სერიოზულ სანქციებსა და სიებზე საუბარს საბოლოოდ მაინც მტკიცებულება დასჭირდება. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება რაიმე სანქციას დაედოს საფუძვლად.

როდესაც ჩვენი ოპონენტები, ქვეყნის შიგნით, კიდევ უფრო მეტად მტრობენ ამ ქვეყანას და მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ, რომ საქართველო შავი ხვრელია და ყოველ დღე ახალ ფეიკებს აცხობენ, რათა რაიმენაირად ვითომ ხელისუფლება დაზიანდეს, ამ დროს მსოფლიოს თვალში, საქართველო ზიანდება. ამასაც არ ერიდებიან და ამ ყველაფრის ფონზეც კი, ერთი მტკიცებულება არ გახმოვანებულა, ერთი ფაქტი არ დადებულა, რომ ვინმე რაიმე სანქციას იმსახურებდეს ან ქვეყანა იმსახურებდეს ისეთ მტრობას, რასაც ისინი ახორციელებენ

თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი პროექტის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და 11 საქართველოს მოქალაქის სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეყვანაზე საუბრისას.

კომენტარები