რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთით კონტრშეტევისას უკრაინელები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ – ნატალია გუმენიუკი

სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ - ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით ავრცელებს

"სამხრეთით ფრონტზე ჩვენმა ჯარისკაცებმა რამდენიმე ათეული [2-ზე მეტი] კილომეტრით წაიწიეს წინ. მალე აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას იმ დასახლებებზე, რომლებშიც ჩვენს ჯარისკაცებს სიხარულით ხვდებიან". - თქვა მან. 

მისივე სიტყვებით, 9 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად ოკუპანტებმა დაკარგეს 70 ჯარისკაცი, 9 ტანკი და 2 ჰაუბიცი, რომლებსაც ნიკოპოლის რაიონზე შეტევისთვის აქტიურად იყენებდნენ. 

დღეს, 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკი გაათავისუფლეს. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია ბალაკლიას გათავისუფლების შესახებაც. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, 9 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს.

კომენტარები