საქართველო-უკრაინა

არახამია სანქციებზე: როგორც შეგპირდით, ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან

"როგორც შეგპირდით ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან".- ასე ეხმაურება ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია უკრაინის მხრიდან ივანიშვილისა და კიდევ 11 ქართველის დასანქცირების მოთხოვნას. 

ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ ამ სიაში ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები და "რეჟიმის დამფინანსებლები" შედიან და ჯერ პოლიტიკური გარემოცვა არა შეყვანილი. 

"ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავდე, რადგან ველოდებოდი საქართველოს ხელისუფლების ისტერიკულ რეაქციას, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და  საერთაშორსო პარტნიორების მიერ შედგენილ სიაზე, რომელიც  მოსალოდნელი და ჩემს მიერ წინასწარ დაანონსებული იყო. სააგენტო აშშ-სა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს და  სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის...

ამ პაკეტში ჯერჯერობით არ მოხვდა ივანიშვილის უახლოესი პოლიტიკური გარემოცვა. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ვფიქრობთ, რომ დასაწყისისთვის მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა. ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. დარწმუნებული ვარ ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, ვერიფიკაციის შემდეგ ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ".- ამბობს არახამია. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და 11 საქართველოს მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები