თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

საქართველომ ფული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე უნდა დახარჯოს – ინტერვიუ გენერალ ჰოჯესთან

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტაბულასთან უკრაინაში მიმდინარე ომზე, სამხრეთის კონტრშეტევასა და კიევისთვის ვაშინგტონის მიერ უფრო დიდი რადიუსის მქონე იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ასევე, საქართველოს თავდაცვის საკითხებში რჩევები მისცა.

– უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რას ფიქრობთ, რა მთავარი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ თავდაცვის სფეროში მომდევნო წლებში?

უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ეს გარდაუვალია. ამას რა დრო დასჭირდება, დამოკიდებულია დასავლეთის ერთიანობასა და სანქციების შენარჩუნებაზე, იმ ყველაფრის მიწოდებით, რაზეც ვიტყვით, რომ ვაწვდით. თუმცა, უკრაინა გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარეს დადგეს, ცხადად აჩვენოს, დაგმოს რუსეთის თავდასხმები, აღიაროს, რომ რუსეთი აგრესორია და თქვას, რომ მიუღებელია ევროპული ქვეყნის, შავ ზღვაში თქვენი მეზობლის საზღვრების ძალით შეცვლა.

მჯერა, რომ საქართველო უკრაინის გამარჯვებით სარგებელს ნახავს, რომ რუსეთი იმდენად დაზარალებული იქნება უკრაინელების მიერ დამარცხების შემდეგ, საქართველოსთვის ნაკლები საფრთხე გახდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მჭიდროდ უნდა იმუშაოს [შავი ზღვის] სანაპიროს სხვა ქვეყნებთან, რათა გააუმჯობესოს ნავიგაციის თავისუფლება, ეკონომიკური ინვესტიციები. ეს ყველაფერი წვლილს შეიტანს საქართველოს უსაფრთხოებაში.

სუფთად სამხედრო გადმოსახედიდან, ჩემი რჩევა იქნება, საქართველომ ფული დახარჯოს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე. ვნახეთ, უკრაინა როგორ ეფექტიანად ურტყამდა რუსულ გემებს, იმდენად ეფექტიანად, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმის სამხრეთით მიემართება, იმდენად ეშინიათ უკრაინის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ფლოტი არ ჰყავს. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველომ, შესაძლოა, ისწავლოს უკრაინის ქმედებებიდან.

– რას ფიქრობთ უკრაინის სამხრეთში მიმდინარე კონტრშეტევაზე? რას უნდა ველოდოთ ამ ოპერაციისგან?

ამ ოპერაციისგან უნდა ველოდოთ უკრაინის წარმატებას და ათასობით რუსი ჯარისკაცის სიკვდილს, ტყვედ ჩავარდნას ან უკან დახევას, რუსული აღჭურვილობის დიდი რაოდენობის განადგურებას ან გაყვანას. ეს ნამდვილად იქნება ამ კონტრიერიშის ყველაზე ხელშესახები შედეგი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის სარდლობამ, თუ როგორ იცავენ ინფორმაციას. მეტი ვიცით რუსეთზე, ვიდრე იმაზე, რას აკეთებს უკრაინა. ასეც უნდა იყოს, რადგან თუ უკრაინის გეგმები და მათი ზუსტი მდგომარეობა გვეცოდინება, რუსებსაც ეცოდინებათ და, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ იქნება.

ვფიქრობ, სარდლობამ კარგად იმუშავა პირობების შექმნაზე. ვგულისხმობ ლოჯისტიკისა და სამეთაურო პოსტების განადგურებას, ზურგში პრობლემების შექმნას. ფსიქოლოგიურად რუსეთი აცნობიერებს, რომ ზურგის დაცვა არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, რაც არ ვიცით, არის თუ რამხელა ძალა მოიკრიბა უკრაინამ ამისთვის. ვვარაუდობ, რომ ბევრი. მაგალითად, ახლახან ვიხილეთ 250 ტანკი, რომლებიც უკრაინას პოლონეთმა მიაწოდა, ვფიქრობ, უკრაინელები კონტრიერიშში მათ გამოყენებას ეყრდნობოდნენ.

გვიანია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება ან სადამდე მივლენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირებში ვიხილავთ ძალიან დაღლილ, დაბალი საბრძოლო შემართებისა და დისციპლინის რუსულ ძალებს. ვფიქრობ, ისინი გატყდებიან და უკრაინის დიდ დაწინაურებას ვიხილავთ.

– ომის დაწყებიდან ნახევარი წელი გავიდა და რუსეთს ოფიციალური, სრული მობილიზაცია ჯერაც არ დაუწყია. თუ ვლადიმირ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება ამან ომის მსვლელობაზე რეალურად იმოქმედოს? თუ ეს რუსეთში შიდა უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც პუტინის რეჟიმისთვის გამოწვევა იქნება?

დავფიქრდეთ, 6 თვეა ომია, რუსეთმა იზარალა თითქმის 50 000 მკვდარი სამხედრო, ათიათასობით დაჭრილი, უზარმაზარი დანაკარგი აღჭურვილობასა და შესაძლებლობებში, ფლოტში, საჰაერო ძალებში, მათი ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და ისინი კვლავ უკრაინის მხოლოდ 20%-ზე ნაკლებს აკონტროლებენ, ყველა უპირატესობის მიუხედავად. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თუ ხალხი კრემლში, რუსეთში ამბობს, რომ მხარს უჭერს [ომს], ისინი ძალიან უკმაყოფილო არიან მისი მსვლელობით. ვფიქრობ, ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთის ამ კატასტროფიდან აღდგენას ათწლეულები დასჭირდება.

ასე რომ, ვფიქრობ, თუ დასავლეთი ერთიანი დარჩება, შეინარჩუნებს სანქციებს კრემლის წინააღმდეგ, განაგრძობს უკრაინისთვის იმის მიწოდებას, რაზეც ვთქვით რომ მივაწოდებდით, ეს გაერთიანებული ბრძოლის ველიდან ყოველდღიურ ცუდ სიახლეებთან და ეფექტიან სანქციებთან, უფრო და უფრო მეტი რუსი ხალხი დაკარგავს ინტერესს, მხარი დაუჭიროს კრემლის უკანონო ომს. ასევე, ვფიქრობ, ბევრი ოლიგარქი, ხალხი, რომელიც პუტინს ძალაუფლებას უნარჩუნებს, დაინახავენ, თუ საით მიდის ეს. რუსეთის არცერთ მეგობარს, ე.წ. მეგობარს არ სურს ჩართვა. მაგალითად ყოფილი მეგობარი ყაზახეთი, ლუკაშენკო ბელარუსიდან. ბელარუსიდან არ არიან რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები, ბელარუსიდან არიან ჯარისკაცები, რომლებიც რუსი სამხედროების წინააღმდეგ იბრძვიან, როგორც აქედან, საქართველოდან. ასე რომ, მათ არ ჰყავთ მეგობრები, დახმარებას რეალურად არავინ აწვდის, ირანის გარდა, დაბალი ხარისხის დრონების მიწოდებით. ვფიქრობ შედეგი გარდაუვალია, მანამ, სანამ წნეხს შევინარჩუნებთ.

– მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კიევისთვის შეიარაღებისა და დაფინანსების მიწოდება, მაგრამ რას ფიქრობთ, დასავლეთი, უკრაინის მიმართ საკუთარ პოლიტიკაში, ნამდვილად არის გაერთიანებული ერთი მიზნის გარშემო?

ერთიანობა იმაზე დიდია, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ამას კრემლიც ნამდვილად არ ელოდა. კრემლი ძალიან დარწმუნებული იყო, რომ უკრაინას დასავლეთისგან განაცალკევებდნენ. ასევე, ძალიან დარწმუნებული იყვნენ, რომ NATO ან ევროკავშირი დაიშლებოდა იმაზე კამათით, დახმარებოდნენ თუ არა უკრაინას. ცდებოდნენ. ამისდა მიუხედავად, არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომლებიც ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ან არ მიაწოდეს, რაზეც თქვეს რომ მიაწოდებდნენ, ან ნელა აწვდიან. აქ მნიშვნელოვანია, რომ აშშ იყოს ძალიან ცხადი და გააქროს ყველა ეჭვი ჩვენს მონდომებაზე. ვფიქრობ, ეს ყველა სხვა სახელმწიფოს მისცემს შემართებას, მოიქცნენ მსგავსად.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-სგან უფრო დიდი რადიუსის მქონე შეიარაღება მიიღონ?

ძალიან მეამაყება იმის, რასაც აშშ უკრაინას აწვდიდა. ვგულისხმობ დიდ [სამხედრო] შესაძლებლობებს, უამრავ ფულს, ტყვია-წამალს და ა.შ. მაგრამ ეს საკმარისი არაა. მიუხედავად იმისა, რომ [ბაიდენის] ადმინისტრაციამ კარგად იმუშავა კოალიციის ერთიანობის შენარჩუნებასა და [იარაღის] მიწოდებაში, ჩვენ გადავაჭარბეთ რუსეთის მიერ ესკალაციის შეფასებაში.

ასე რომ, რადგან მათ გადააჭარბეს რუსეთის  ესკალაციის შეფასებისას, არ გავეცით იმდენი, რამდენიც უნდა გაგვეცა, მაგალითად, უფრო დიდი რადიუსის მქონე მაღალი სიზუსტის იარაღები, რომლითაც ახლა შეეძლოთ ყირიმისთვის დაერტყათ, დაერტყათ რუსული ავიაბაზებისთვის, რომელთაც აწევთ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვის პასუხისმგებლობა. ეს არ გავაკეთეთ, რადგან ადმინისტრაციაში ეშინოდათ, რომ ეს კრემლის მიერ მეტი მოქმედების პროვოცირებას გამოიწვევდა და ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია.

კრემლს მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია, არ ჰყავთ მეტი სამხედროები, სხვას ვერაფერს მოიმოქმედებენ, ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა და არ მჯერა, რომ ეს გააკეთონ. არა ჰუმანიტარული მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ იციან, ეს მათ უპირატესობას ვერ მისცემს და შეუძლებელს გახდიან, შეერთებული შტატები კონფლიქტს გარეთ დარჩეს და აშშ-ს ომში პირდაპირ ჩართვა არის ის, რაც რუსებს ყველაზე ნაკლებად სურთ. ასე რომ, ვფიქრობ გადაჭარბებულად შევაფასეთ ესკალაციის საფრთხე, შესაბამისად, უკრაინისთვის არ მიგვიცია ყველაფერი, რაც სჭირდებათ. მჯერა, რომ ეს შეიცვლება, დაახლოებით მომდევნო თვეში, რადგან ხვდებიან, რომ რუსეთს სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

კომენტარები