არგენტინა

არგენტინაში შეიარაღებულმა პირმა ვიცეპრეზიდენტზე თავდასხმა სცადა

არგენტინაში ვიცეპრეზიდენტზე, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერზე თავდასხმა სცადეს. ვიცეპრეზიდენტი მხარდამჭერებს ესალმებოდა, როცა მამაკაცმა იარაღი დაუმიზნა.

პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის ცნობით, იარაღში 5 ტყვია იდო, მაგრამ თავდამსხმელმა ვერცერთის გასროლა ვერ შეძლო. 

პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 35 წლის ბრაზილიელი მამაკაცია, დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

თავდასხმის მცდელობამდე ფერნანდეს დე კირშნერი სასამართლოში იმყოფებოდა. საქმე ეხება მისი პრეზიდენტობის დროს კორუფციულ შემთხვევებს. თავდასსხმა მის სახლთან მხარდაჭერებთან შეხვედრისას მოხდა. 

სასამართლო პროცესზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურორები ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტს თავისუფლება 12 წლით აღეკვეთოს და პოლიტიკაში ჩართვა უვადოდ აეკრძალოს.

თუმცა, ფერნანდეს დე კირშნერი სენატის პრეზიდენტია, ამიტომ საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. მისი დაპატიმრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გადაწყვეტილება რატიფიცირებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ. სენატის არჩევნები 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. 

სასამართლოს განაჩენს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

კომენტარები