დავით ბაქრაძე

პრეზიდენტი ბაქრაძეზე: ყველა წარდგენაზე მოვაწერე ხელი, რომ შეფერხება არ ყოფილიყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დავით ბაქრაძის გარეოში ელჩად დანიშვნას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ მის გამო შეფერხება არ ყოფილიყო.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ელჩების ოფიციალურ წარდგენამდე სამართლებრივი ტექსტებით გათვალისიწინებულია პრეზიდენტთან კონფიდენციალური კონსულტაცია, სადაც მისივე თქმით, მან გამოთქვა "პროფესიონალური პოზიცია [დავით ბაქრაძის] საქმიანობის შესახებ 5 წლის მანძილზე".

"ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ რომ აქამდე სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება - გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი, იმ მომენტში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული". - თქვა მან.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან დეპოლარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯად აღქმული არ იქნა და დღეს მან 7 ელჩის წარდგენა კონსტულაციების გარეშე მიიღო.

"თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც ერთი მხრივ, დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს - ოხ, საკვირვება, მივიღე 7 წარდგენა, ისე რომ არც ერთი ის საიდუმლო ნაწილი კონსულტაციების არ ჩატარებულა და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი, ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მემგონი საჭირო არის, უკვე ვეღარ მოითმენს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ტექსტები, განიხილოს არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, იმიტომ რომ პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლო ფაქსიმილიე, ამ დარგში მითუმეტეს, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად". - თქვა მან.

31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა. თუმცა, მანამდე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.   

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.   

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება. ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები