უკრაინის მხარდამჭერი აქცია

#IndependenceInMyHeart – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მსვლელობა თბილისშიც გაიმართება

Ukrinform

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 ქვეყნის 51 ქალაქში უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერების მსვლელობა გაიმართება. საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) თბილისიც უერთდება.

მსვლელობა 19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყება და საბოლოოდ პარლამენტის შენობის წინ აქციით დასრულდება. 

"24 აგვისტოს 6 თვე სრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინა იბრძვის რუსი აგრესორის წინააღმდეგ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა ცივილიზებული ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. საუბარია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, არამედ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე რუსეთისგან და მისი ტოქსიკური ზეგავლენისა და მმართველობის ავტორიტარული ფორმისგან. უკრაინა იცავს მთელი დემოკრატიული სამყაროს ღირებულებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამიტომ უკრაინას მთელი მსოფლიო უჭერს მხარს.

ამ ექვსთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა აჩვენა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. დღეს უკრაინელებთან ერთად ბევრი ქართველი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინის მიწაზე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ვამაყობთ საქართველოთი და უაღრესად მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის.

ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს, შეუერთდნენ მადლიერების მსვლელობას, პატივი მიაგონ უკრაინის დამცველებს, მსვლელობას, რომელიც უკრაინის ერთიანობისა და სიყვარულის ეგიდით იმართება. ჩაიცვით ნაქარგი პერანგი ან ტანსაცმელი უკრაინული სიმბოლოებით, აიღეთ დროშები, ყვავილები, დახატეთ პლაკატები თქვენი მშობლიური ქალაქის სახელით, რომლის დატოვებაც მოგიწიათ ომის გამო. წამოიყვანეთ თქვენი მეგობრები და ახალი ნაცნობები. ბევრნი უნდა ვიყოთ! ჩვენ ერთად ვართ ძლიერები და ერთად გავიმარჯვებთ!" – წერია ღონისძიების აღწერაში

კომენტარები