ალეკ ბოლდუინი

"ყოველ დღე ამაზე ვფიქრობ" – ბოლდუინი RUST-ის გადაღებისას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

ამერიკელმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, 2021 წლის ოქტომბერში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე CNN-თან ილაპარაკა და თქვა, რომ ტრაგიკულმა შემთხვევამ მისი ცხოვრების წლები შეამცირა და კარიერული უკუსვლა გამოიწვია.

ბოლდუინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ორ ადამიანს - იარაღის სპეციალისტს, გუტიერეს რიდსა და რეჟისორის ასისტენტს, დეივ ჰოლსს აკისრებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი აზრით მათ სასჯელის სახით არაფერი დაეკისრებათ.

"იქ იყო ორი ადამიანი, რომლებმაც არ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. არ ვამბობ, რომ მსურს ისინი ციხეში მოხვდნენ, ან მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეს. ეს არ მინდა, მაგრამ მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ეს ორი ადამიანია პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა". - ამბობს მსახიობი.

ბოლდუინი ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიებისთვის პირადი გამომძიებელი დაიქირივა და სწორედ მის ცნობებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სავარაუდოდ, გუტიერეს რიდსა და დეივ ჰოლსს პატიმრობას არ შეუფარდებენ.

მსახიობის თქმით, მან უკვე 5 სამსახური დაკარგა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ და რომ არა მისი ცოლის მხარდაჭერა, მსახიობობას შეწყვეტდა.

"გუშინ კიდევ ერთი სამსახურიდან გამომაგდეს. ფილმის გადაღებებისთვის მზად ვიყავი... ამ ადამიანების თვეების განმავლობაში ველაპარაკებოდი, თუმცა გუშინ მითხრეს, რომ აღარ უნდათ ჩემთან ერთად ფილმის გაკეთება ამის გამო". - თქვა მან.

ბოლდუინი ამბობს, რომ თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ფიქრში ატარებს.


2021 წლის 22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას ბოლდუინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი წარწერით ყველაფერი კარგად იქნება გამოაქვეყნა.

კომენტარები