რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ესტონეთი 2 ევროს ახალ მონეტას გამოუშვებს, რომელსაც Slava Ukraini ეწერება

უკრაინის მხარდასაჭერად ესტონეთი 2 ევროს ახალ მონეტას გამოუშვებს, რომელსაც ზედ "Slava Ukraini" (დიდება უკრაინას) ეწერება. მონეტის დიზაინი ესტონეთის ხელოვნების აკადემიის უკრაინელმა სტუდენტმა, დარია ტიტოვამ შექმნა.

მონეტა მიმოქცევაში წლის ბოლოს ჩაეშვება. პარალელურად, გაიყიდება საკოლექციო მონეტები, მიღებული თანხა კი უკრაინის ცენტრალური ბანკის ფონდში ჩაირიცხება.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ესტონეთის ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტას ტექსტი უცხო ენაზე აწერია, თუმცა, ეს გამორჩეული ვითარებაა და "Slava Ukraini" განასახიერებს უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ". – თქვა ესტონეთის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მარტ ლაარმა.

ხელოვნების აკადემიის ვიცე-რექტორის ანნე პიკკოვის თქმით, მონეტის დიზაინის შესარჩევად, უნივერსიტეტმა ჩაატარა კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა დისციპლინის უკრაინელი სტუდენტები მონაწილეობდნენ.

"ამან მოგვცა განსაკუთრებული ენერგია, რომლითაც კვლავ ვართ აღსავსე და სტუდენტებმა იგრძნეს, რომ შესაძლებლობა მიეცათ თავიანთ ქვეყანას დაეხმარონ და გაავრცელონ სასიცოცდლოდ მნიშვნელოვანი მესიჯი". – თქვა პიკკოვმა. 

ევროპულმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს მონეტის ახალი დიზაინი. ესტონეთში იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოსკენ ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნეს მიმოქცევაში შემოღებული.

კომენტარები