რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზიუგანოვი: დონბასის გათავისუფლებული მიწები საბოლოოდ დაბრუნდებიან ისტორიულ სამშობლოში

გენადი ზიუგანოვი

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და სანქცირებული გენადი ზიუგანოვი თვლის, რომ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ნიშნავს რეგიონის დაბრუნებას "ისტორიულ სამშობლოში". 

"როდესაც დონბასში საშიშროება რეალური გახდა, მოქალაქეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და რვა წლის განმავლობაში იცავდნენ თავისუფლად ცხოვრების უფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან. მთელმა საბჭოთა ქვეყანამ ააგო დონბასი, დონბასი იყო მთავარი გაერთიანებული სამშენებლო მოედანი. ხარკოვი, ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი"  - ამბობს რუსი პოლიტიკოსი. 

ზიუგანოვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება.

"რაც შეეხება ზოგადად რუსულენოვან უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, აღშფოთება გამოიწვია, როდესაც მოვიდა ბანდერას ნაცისტური ხელისუფლება და აუკრძალა მათ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი. მსოფლიოში არცერთი ერი არ მოითმენს ასეთს. ამიტომ, როდესაც ყირიმელებმა იგრძნეს საფრთხეს, მათ სასწრაფოდ ჩაატარეს რეფერენდუმი და დაბრუნდნენ სამშობლოში". - განაცხადა ზიუგანოვმა.

უკრაინის ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ დასმული მარიონეტული ადმინისტრაცია რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას შემოდგომისთვის, სექტემბრის პირველ ნახევარში გეგმავს.

შემოდგომისთვის იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ ხერსონშიც.

აქამდე, გასულ თვეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.

ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინული საკომუნიკაციო საშუალებები რუსულით ჩაანაცვლეს, მათ შორის, შეცვალეს სატელეფონო კოდი.

ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაცია ობოლ და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მისცემს.

კომენტარები