რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმს შემოდგომისთვის გეგმავენ

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

უკრაინის ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ დასმული მარიონეტული ადმინისტრაცია რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას შემოდგომისთვის, სექტემბრის პირველ ნახევარში გეგმავს.

ამას გარდა, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ზაპოროჟიეში დაიწყეს ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ჩამოყალიბება.

მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ამბობენ, რომ რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებული შეკითხვა ე.წ. რეფერენდუმზე ცხადად იქნება დასმული და პასუხებიც ცხადად ექნება. 

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქს სრულად ვერ აკონტროლებენ. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იუწყება, მათ კონტროლს ოლქის დაახლოებით 70% ექვემდებარება. 

შემოდგომისთვის იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ ხერსონშიც.

აქამდე, გასულ თვეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.

ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინული საკომუნიკაციო საშუალებები რუსულით ჩაანაცვლეს, მათ შორის, შეცვალეს სატელეფონო კოდი.

ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაცია ობოლ და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მისცემს.

კომენტარები