რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 13

დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზე ოკუპანტების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაცია Telegram-ზე დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა. 

"ტრაგიკული ღამე... ნიკოპოლის რაიონში რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, 13 დაიჭრა. მტერმა ორჯერ ესროლა ტერიტორიას გრადებიდან. 80 რაკეტა ისროლა საცხოვრებელ უბნებში. განზრახ და მოღალატურად დაარტყა, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა". - აღნიშნავს რეზნიჩენკო. 

მისი თქმით, მარგანეცში 10 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. 10 საავადმყოფოშია, მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, კულტურის სახლი, ჰოსტელი, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდა. 

ასევე, ერთი ქალი გარდაიცვალა ვიშეტარასოვკაში. მისი სახლი ოკუპანტების ჭურვმა სრულად გაანადგურა. სოფელში 11 კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა - ათასამდე ადამიანი გაზის გარეშე დარჩა. 

 

კომენტარები