ქართული ოცნება

საკრებულოს დეპუტატი რუსებზე: ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, თავმდაბლობა გამოვიჩინოთ ერის წინაშე

გივი ჩხარტიშვილი
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მოძრაობა სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე "პროვოკაციულ პერფორმანსებში" დაადანაშაულა.

"სოციალურ ქსელს ყველა თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, თუ რამდენად პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა სირცხვილიას მხრიდან. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ თქვენი მზაკვრული გეგმები, ნაციონალური მოძრაობის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა და ახლა ახალი სქემა გაქვთ შემუშავებული, რომ საზოგადოებაში გინდათ გამოიწვიოთ აურზაური და რაღაც სახით შექმნათ ისეთი ფონი, თითქოს აი, შემოვიდნენ რუსები, რჩებიან, აქ ცხოვრობენ, ჩვენ სად წავიდეთ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიგყავთ, თქვენ თვითონაც არ იცით, რა ინტერპრეტაციით მიდიხართ და რას ემსახურებით ზოგადად.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ და ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს". – თქვა ჩხარტიშვილმა.

9 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა გირჩი – მეტი თავისუფლების დეპუტატის, ცოტნე კობერიძის გამოსვლას, რომელმაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთის მოქალაქეების შესახებ სიტყვების გამო გააკრიტიკა.

"რატომღაც კობახიძეს არასდროს გული არ შესტკიოდა, როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი – რუსები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება. ძალიან კარგად იცის, რომ მის ბელადს რომ ურეკავენ, ვიღაც მისტერ ბორიას კი არ ეუბნება, ბორინკათი მიმართავს და იცის, რომ ბორინკას პარტიიდან არის. ჩემი აზრით, ძალიან კარგად ხვდება, რასაც რიჟვაძე ამბობს – ლიბერასტებოო, ყოველდღე რომ გაიძახის რუსულ ფრაზას, ამ ნარატივში რომ ზის, დასავლეთს რომ ლანძღავს". – თქვა კობერიძემ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემზე 5-ჯერ მეტი, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის სტატისტიკასთან შედარებით 3 000-ით ნაკლებია.

 სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილს სომხეთის (2022 წლის ივლისში – 103 906 ტურისტი შემოვიდა), ხოლო მესამე ადგილს თურქეთის მოქალაქეები (2022 წლის ივლისი – 95 989) იკავებენ. 

კომენტარები