ქართული ოცნება

ოცნება შინ ევროპისკენ აქციის ვიდეოს გაშვების გამო მთავარს, ფორმულასა და TV პირველს უჩივის

კადრი ვიდეოდან / სირცხვილია / Facebook

ქართული ოცნება შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

მედიების ცნობით, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი ემსახურება ქართული ოცნების და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას, მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას. ამასთან, მიიჩნევენ, რომ მასში ცხადად იდენტიფიცირებულია ქართული ოცნება კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით, შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე და ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

ტელევიზიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის საჩივრის მიზანი მათთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა. მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისია ქართული ოცნების საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს 2022 წლის 11 აგვისტოს, 15:00 საათზე განიხილავს.

კომენტარები