საქართველო-რუსეთი

ხოშტარია: ოცნება სამხედროებს საფრთხის ქვეშ აგდებს, გმირებზე ინფორმაციას მტრებს გადასცემს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.   

ელენე ხოშტარიას სიტყვებით, გავრცელებული ვიდეო არის ფაქტი, რომ ქართული ოცნების სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. 

"ქართველი სამხედროს შესახებ პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ხელში. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვქონია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ოცნების სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. წლების განმავლობაში არცერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითელაშვილის საქმე, როდესაც, პაქტიკულად, დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთს. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც ასევე გადაეცა ინფორმაცია ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს. იყო არაერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ დამოკიდებულებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ, დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსც ჩამოასვენებენ ჩვენს ქვეყანაში და მათ არათუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ.

რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი, სადაც ჩვენ დავინახეთ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში. ოკუპანტის ხელში, რომელმაც აწამა ანწუხელიძე და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები, ოკუპანტის ხელში, რომელიც იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს, ოკუპანტის ხელში, რომელმაც გამოყარა დევნილები და აწამა ქალები და ბავშვები 30 წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად ებრძვის უკრაინა, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი ამ სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს ქართული ოცნება. ეს არის ღალატი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ არ ვართ შიდა პოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს გადასცემს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ". - ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნა არ აქვს, რადგან, მისივე სიტყვებით, არ აქვს ილუზია, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს.

"არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ, რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ ასევე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ქართულ ოცნებას ვაპატიებთ". - ამბობს ელენე ხოშტარია.  

რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს. პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.  

მიხეილ ქამხაძე მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირადი საქმე 2016 წელს შეიქმნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩამონათვალის მიხედვით საკუთარი დოკუმენტები შეაგროვა. მისივე ინფორმაციით, ლოდინის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში არ მიიღო, ამიტომ უკრაინაში წავიდა. 

"ეს "პაპკა" მე ფიზიკურად ვერ მექნებოდა. როდესაც მივიტანე კადრებში, დავტოვე იქ. ველოდებოდი, მითხრეს, დაელოდეთ ზარს, დაელოდეთ დანიშვნას და შეგატყობინებთო. გაიწელა ჩემი დანიშვნა და 2017 რომ გახდა, წამოვედი უკრაინაში. 

თანხაა გადახდილი. მე ეჭვი მაქვს, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული, ამზადებს ხალხს და იქიდან მოითხოვეს... ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი. ნაკლებად მოიძიებდა ვინმე სამოქალაქო საქმეს". - ამბობს ის.  

ტაბულა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები