საქართველო-რუსეთი

"ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი" – ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსების ხელშია

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

რუსი სამხედროების თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ლისიჩანსკში, ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე ქართველი ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე მოიპოვეს. კანონის მიხედვით, დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

როგორც თავად ქამხაძე ვარაუდობს, მისი პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა გაყიდა. 

"მე ეს საბუთი ხელში ფიზიკურად ვერ მექნებოდა, ეს საბუთები ჩავაბარე და დავტოვე სამინისტროში. ამის შემდეგ ველოდებოდი ზარს და დანიშვნას. ეს პროცესი გაიწელა, 2017 წელს კი წამოვედი უკრაინაში. ამაში თანხაა გადახდილი, ეჭვიც არ მეპარება, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული და ამზადებს ხალხს, შემდეგ იქიდან მოითხოვეს, ასეთი ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი". - ამბობს ქამხაძე მთავარ არხთან ინტერვიუში.

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსი სამხედრო ოკუპირებულ ქალაქ ლისიჩანსკში საწვრთნელ ბაზაზე ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს პოულობს და ამბობს, რომ დოკუმენტის მიხედვით ქართველი ოფიცერი უკრაინელ სამხედროებს NATO-ს სტანდარტებით მიხედვით ამზადებდა. პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. 

ტაბულა ცდილობს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები