რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის საბჭო: ტყვეების სასამართლოსთვის ოკუპანტები ფილარმონიაში ციხის გისოსებს აწყობენ

ოკუპანტები აგროვებენ ციხის საკნებს მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე დასადგამად, რათა მოაწყონ სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საბჭო ავრცელებს. 

"ახლა მარიუპოლის კამერული ფილარმონიის სცენაზე რუსი დამპყრობლები აწყობენ ციხის საკნებს. გამაგრების დიამეტრი 20 მმ-ია. დამპყრობლები გეგმავენ სექტემბერში უკრაინის დამცველების "დემონსტრაციული სასამართლო პროცესის გამართვას".- ნათქვამია განცხადებაში. 

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფას.

"ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების გამრავლებას და ახდენენ მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას".- ამბობს ბოიჩენკო და მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს და წითელ ჯვარს მოუწოდებს, ჩაერიონ სიტუაციაში და დაიცვან სამხედრო ტყვეების მოპყრობის წესები.


რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

კომენტარები