ბუჩამდე იყო აფხაზეთი

"უკრაინაში ბუჩამდე საქართველოში აფხაზეთი იყო" - Al Jazeera გენოციდის აღიარების კამპანიაზე

ვენერა მეშველიანი, დევნილი ახალდაბადან, რომელიც  კონფლიქტის დროს ქმრის მკვლელობას შეესწრო
Valeria Mongelli/Al Jazeera

გამოცემა Al Jazeera კამპანიას "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" შესახებ ვრცელ მასალას ავრცელებს. კამპანია თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების მიზნით დაიწყო.

აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის, როგორც აგრესორის, მოქმედებები სათანადოდ ჯერ არც დასავლეთს და არც საქართველოს არ შეუფასებია. 

"ჩვენი მთავრობა ფრთხილი იყო კრემლის მიმართ. ამავდროულად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთს სჯეროდა, რომ დიპლომატიური დიალოგი კრემლთან იმუშავებდა. შედეგად, მკაცრი სასჯელი სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გაჭიანურდა". – აღნიშნა აფხაზთა კრების ხელმძღვანელმა. 

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სივრცეში ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაული "ეთნიკურ წმენდად" აღიარეს, პატარაიას თქმით, ეს სწორი ტერმინი არ არის და ნაცვლად ამისა, ჩადენილი დანაშაულები გენოციდად უნდა შეფასდეს.

"ეუთოს სამ დოკუმენტში აფხაზეთში მომხდარი ომის დანაშაულები ეთნიკურ წმენდად არის შეფასებული. როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ შეფასებები, როგორიცაა "ეთნიკური წმენდა" არის მხოლოდ პოლიტკორექტული ტერმინი და მას არ აქვს ნორმატიული ძალა. მხოლოდ გენოციდს აქვს ნორმატიული საფუძველი, რადგან საერთაშორისო კონვენციითაა განსაზღვრული სამართლიანობის აღსრულება გენოციდის მსხვერპლისთვის". - ამბობს პატარაია. 

თუმცა, პატარაია შენიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დასავლეთი გამოაღვიძა – დასავლელმა ლიდერებმა უარი თქვეს პოლიტკორექტულობაზე და ყველაფერს სწორი სახელი დაარქვეს. შესაბამისად, მისი თქმით, გაჩნდა იმედი, რომ მსოფლიო სათანადოდ შეაფასებს, რა მოხდა აფხაზეთში.

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

როგორც Al Jazeera-ს სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინის მოვლენების სწორად შეფასებამ იმედი აფხაზეთში რუსეთის აგრესიის მსხვერპლსაც დაუბრუნა. გამოცემა ერთ-ერთი მათგანის, ვენერა მეშველიანის ისტორიას აშუქებს. 

"დღეს, როგორც ჩანს, დასავლეთმა გაიღვიძა, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენს საქმეებზეც იქნება საუბარი და ამ ყველაფერს რეალურად დაერქმევა გენოციდი". –  აღნიშნავს მეშველიანი.

ვენერა მეშველიანისა და სხვა დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

Al Jazeera-ს სტატიაში ასევე შეხვდებით სოციალური მუშაკის, თამარ თოლორდავას ისტორიას, რომელმაც აფხაზეთი სამი წლის ასაკში დატოვა, ამასთანავე, 77 წლის ნოდარ გურჩიანს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა, 68 წლის სულიკოს, რომელიც ახლა წყალტუბოში ცხოვრობს და აფხაზეთის დატოვებას მძიმედ იხსენებს. 

"ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გააღვიძებს ჩვენს საზოგადოებას, რათა დაინახონ ჩვენი ტრავმა". – ამბობს თამარ თოლორდავა, სტატიის ერთ-ერთი გმირი.  

საქართველოს პროკურატურის გამოუქვეყნებელი ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტს დაახლოებით 5 738 ადამიანი ემსხვერპლა. 200 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად ეთნიკურად ქართველებს, რეგიონის დატოვება მოუწიათ.

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

სტატიის გმირები დღეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობენ: საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და ხელისუფლებების უმოქმედობაზე. გამოცემამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირება სცადა. საქართველოს პრემიერმინისტრს გამოცემისთვის კომენტარი არ მიუცია. 

შეგახსენებთ, რომ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები