ბუჩამდე იყო აფხაზეთი

რაც ვნახეთ ბუჩაში, 30 წლის წინ მოხდა ახალდაბაში

ბუჩამდე იყო აფხაზეთი

რაც ვნახეთ ბუჩაში, 30 წლის წინ მოხდა ახალდაბაში

უკვე სამი თვეა, მსოფლიო შეძრა და გააოგნა ბოროტების იმ მასშტაბმა, რასაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში სჩადის. სამი თვეა, ვუყურებთ მოკლულ და გაუპატიურებულ ბავშვებს, კბილებდაგლეჯილ ქალებს, აალებულ სახლებს, აფეთქებულ საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს. ვუყურებთ, რა დაუფარავი სისასტიკით უსწორდებიან რუსი ჯარისკაცები უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინელები არიან. გვაძრწუნებს, რაც მოხდა ბუჩასა და მარიუპოლში, რაც ხდება ხერსონში.

თუმცა, უკრაინამდე იყო აფხაზეთის ომი. და ბუჩამდე იყო ახალდაბა, სამურზაყანოს დაბლობზე გაშენებული სოფელი, რომელთა მცხოვრებლებიც ერთი ძველი ტანკითა და მტრისთვის ომშივე წართმეული იარაღით ხუთი დღის განმავლობაში იცავდნენ სოფელს.

მეხუთე დღეს სოფელი დაეცა.

"რაც მერე იქ მოხდა, მტერს არ ვუსურვებ" – მეუბნება ნუცა გიორბელიძე-დარსალია, 86 წლის დევნილი ახალდაბიდან, რომლის სახლსაც ის ქალები აფარებდნენ თავს, რომლებმაც დავრდომილი დედის, შვილისა, თუ სხვა მიზეზების გამო გაქცევა ვერ მოახერხეს – "ეს იყო საშინელება. საშინელება. ყველაფერი, რაც ხდება უკრაინაში, უკვე გავიარეთ ახალდაბაში".

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, დაახლოებით, 2 200 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობა ძირითადად 1939 წელს ლეჩხუმიდან, რაჭიდან და სამეგრელოდან იყო ჩასახლებული. ერთ დროს ბედნიერად და კეთილმეზობლურად მცხოვრები სოფელი ომის დანაშაულების პოლიგონად იქცა. ყვავილებით მორთული ქუჩები და ეზოები ადგილზე დახვრეტილი ადამიანების გახრწნილი ნეშტებით გაივსო, ჭები კი გვამებით. ვინც ცოცხალი გადარჩა, ოკუპანტებმა მეზობელ სოფელში ტყვედ წაასხეს. ტყვედ ჩავარდნილ ქალებსა და ბავშვებს სისტემატურად აუპატიურებდნენ.

"მეზობლის ქალი გამოვიდა მეორე უბნიდან, ანეტა ყურაშვილი და მითხრა, ჭა დაშრაო" – ყვება ნუცა გიორბელიძე – "კი არ დაშრა, ხალხი იყო შიგნით ჩაყრილი. 28 მეტრი იყო თითო, შეუძლებელი იყო, დამშრალიყო".

მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს გაშენებული სოფელი, რომელსაც ერთი მხრიდან ეთნიკური აფხაზებით დასახლებული აძიუბჟა ესაზღვრებოდა, ხოლო მეორე მხარეს ეთნიკური სომხებით დასახლებული ათარა აფხაზკაია, სოხუმის აეროპორტთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც 1992 წლის 27 დეკემბერს სოფლის მიმართულებით პირველი შეტევები დაიწყო, ახალდაბაში მცხოვრები ყველა კაცი, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, 23- ბრიგადაში ჩაეწერა, ამბობს სასოფლო საბჭოს მდივანი, ჯამბულ მიგინეიშვილი. სოფელში შეიქმნა მე-5 ბატალიონი, რომელიც საერთო ჯამში 408 ადამიანს მოიცავდა. თითქმის 100-კაციან ჯგუფებად დაყოფილები მონაცვლეობით იცავდნენ სოფლის შემოგარენს, ერთი საჩუქრად მიღებული ძველი ტანკით, რომელსაც "მთა" ერქვა.

"ჩემი მეუღლე, ალექსანდრე ცალანი მათემატიკის პედაგოგი იყო ჩემსავით. თვეების განმავლობაში ის ყოველ ღამით იცავდა სოფლის საზღვარს. დილით მოვიდოდა სახლში, პირს გაიპარსავდა, სუფთად ჩაიცვამდა და მივდიოდით სკოლაში" – გვიყვება ვენერა მეშველიანი, კიდევ ერთი დევნილი ახალდაბიდან, რომელმაც სოფელ ათარაში ტყვეთა ბანაკში ყოფნის უმძიმესი დღეები აქვს გამოვლილი – "ომის განმავლობაში სკოლაში არცერთი დღე არ გაგვიცდენია არც ჩვენ და არც ბავშვებს. თუკი სროლებით გაუსაძლისი ხმაური შეიქნებოდა, ცოტა ხნით მოსწავლეები ეზოში გაგვყავდა და მერე ისევ უკან ვბრუნდებოდით".

ივლისში მხარეებს შორის ზავი დაიდო და სოფლის მცხოვრებლებმა იარაღი ჩააბარეს.

თუმცა, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში 15 სექტემბერს, დილით ყველასთვის მოულოდნელად სოფელზე შეტევა განახლდა.

"დილით, დაახლოებით, 4-5 საათზე გრადების ხმამ გაგვაღვიძა და კინთხის მხარეზე ცა იწვოდა. გამოვარდა ალექსი და მაშინ ითქვა და რად უნდოდა თქმა, რომ ომი განახლდა. ალექსი ისევ წავიდა საზღვრის დასაცავად და 3 დღე აღარ მინახავს" – იხსენებს ვენერა მეშველიანი და თვალები ცრემლით ევსება. ახსენდება, რომ ქმართან შემდგომი შეხვედრა მათი ბოლო შეხვედრა იყო.

ვენერა მეშველიანი

სოფლის ქალები და ის კაცები, ვისაც ბრძოლა არ შეეძლო, ძირითადად, რამდენიმე სახლში იყვნენ გადანაწილებულები, რომლებიც სხვებზე მეტად დაცულად ჩანდა. ერთ-ერთ ასეთ თავშესაფარს აფარებდა თავს ვენერა მეშველიანი თავის შვილთან, ირმასთან და ქალ ძმისშვილებთან ერთად. მეორე შვილი, მერაბი კი მამასთან ერთად საზღვარს იცავდა.

"მესამე ღამეს კანაოში ვიწექით, იმიტომ, რომ გაგვაფრთხილეს, შენობა შეიძლება, დაბომბონ ამაღამო. კანაოში წყალი ჩამოდიოდა, სიბინძურე იყო და იქ ვიყავით დამალულ-ჩამალულები".

როგორც ვენერა მეშველიანი ყვება, იქ მყოფმა ახალგაზრდა ქალებმა, მათ შორის მისმა შვილებმაც ვეღარ გაძლეს იქ და შეუთანხმდნენ, რომ სახლში გადავიდოდნენ, იბანავებდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ ცენტრში. მოგვიანებით სახლისკენ ვენერაც წავიდა. მის სახლში მეზობლის ქალები მეომრებისთვის საჭმელს ამზადებდნენ, მისი შვილი ირმა კი ბანაობდა.

"ამ დროს დაიწყო დაბომბვა. ერთბაშად წამოვიდა ძალიან ბევრი. ირმას ვუთხარი, არიქა, ჩქარა ჩაიცვი, უნდა დავიმალოთ-მეთქი და ხოხვით გავედით აბანოდან წინა ოთახამდე, სადაც სარდაფი გვქონდა გაკეთებული. ჩავედით იქ. ფანჯრებიდან ოთახში ტყვიები ცვიოდა. ხოხვით მოვიდნენ მეზობლის ქალებიც და ვსხედვართ იქ, მაგრამ ისეთი ხმაურია გარეთ, სეტყვასავით ისმის ტყვიებისა და გრადების ხმა. ერთი გრადი დაეცა სახლის უკანა კუთხეს. ეს რომ ვიგრძენით, ჩემმა გოგომ მითხრა, დედა, ავიდეთ აქედან, თორემ ჩავიფერფლებითო. სახლი დაიწვება და ჩვენ ვერავინ ვერ გვნახავს აქო. ის ისე მქონდა მოწყობილი, რომ ვერავინ ვერ გვნახავდა ჩვენ, რომც მოვეძებნეთ. ამოჰყვა კიბეებს და მე ფეხებში ვებღაუჭებოდი, არ წახვიდე, ირმა, მოგკლავენ-მეთქი. არ დამიჯერა. ამოვედით. ამოგვყვა ყველა ეს ქალი. ირმას შუბლთან გაუარა ტყვიამ, ჩოლკა მოეწვა. მილიმეტრებით რომ აცდენილიყო, თავს გაუხვრეტდა".

ვენერა მეშველიანი და სხვა ქალები ფეხშიშველები, ხოხვით მივიდნენ ისევ თავშესაფრამდე, სადაც დაახლოებით 30-40 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები, მოზარდები, ჩვილი ბავშვები.

 სახლის მეპატრონემ თეთრი ზეწარი აიტანა სახლის სახურავზე ნიშნად იმისა, რომ იქ მეომრები არ იყვნენ და ვინც იყო, ის სიცოცხლის ფასად ნებდებოდა მტერს.

 "არაფერმა არ გვიშველა" – გვეუბნება ვენერა მეშველიანი და მორიგი მძიმე ისტორიის მოსაყოლად ემზადება.

მეორე თავშესაფარი სოფლისთვის დარსალიების სახლი იყო. ნუცა გიორბელიძე-დარსალია სოფლის დაცემიდან კიდევ 55 დღის განმავლობაში დარჩა იქ, რადგან ავადმყოფ დედას ვერ ტოვებდა.

"მეზობლის ქალი გამოვარდა იმ დილით და კიოდა, წიოდა, შვილები იქით მხარეს ჰყავდა. ომი დაიწყოო, მითხრა. ოთხშაბათს ღამით შემოგვიტიეს და კვირა დილით უკვე ააფრიალეს ეს ფაშისტური დროშები და Победа! Победа! ყვიროდნენ ცენტრში".

ნუცა გიორბელიძემ თავდაპირველად დამალვა გადაწყვიტა. დედას ხან მანდარინების ძირს მალავდა, ხანაც უკან - თხილებში. როცა გაწვიმდა, დედას ცელოფნის პარკი გადააფარა.

"იწვოდა სოფელი და ისინი დარბოდნენ. შევიდოდნენ სახლებში, გაცლიდნენ იქაურობას, თუ რამე მოეწონებოდათ. ისროდნენ რაღაც ისეთს, რომ 2 წუთში 2-სართულიან სახლს თავში უვარდებოდა. და პაროლი ჰქონდათ რა? ძაღლების ყეფა, ტურების კივილი და, აი, ზღვის იხვი რომაა, ის რომ ხმას გამოსცემს, ასეთი ხმები ჰქონდათ".

ამ გაქცევის მცდელობისას აღმოაჩინა, რომ მისი მეზობელი ცოლ-ქმარი ოკუპანტებს თავიანთ სახლშივე დაეცხრილათ.

მანდარინებში მალავდა დედას ტანია თოდუაც, რომელმაც დავრდომილი დედის გამო ასევე ვერ მოახერხა სოფლიდან გაქცევა. ის თავისი სახლის უკან 26 დღის განმავლობაში იმალებოდა ავადმყოფ დედასთან ერთად და დღიურს წერდა, რომელიც მისმა შვილმა, ირმა ჯაჭვლიანმა რამდენიმე დღის წინ წიგნად გამოსცა. დღიურში ქალი დეტალურად აღწერს შიშსა და სასოწარკვეთაში გატარებულ 26 დღე-ღამეს.

"ღამღამობით დავდივარ ეზოებში, ვპოულობ კვერცხებს, მოგვაქვს კვახი, ყურძენი... ფიჩხებით ცეცხლს ვანთებთ თხრილში, კვამლს იქით-აქეთ ვანიავებ, რომ ალი არ დაინახონ. ასე შიშის ქვეშ ვხარშავ კვერცხ, კვახს... წყალი ორ-სამ დღეში ერთხელ მოგვაქვს გონერის ჭიდან. მეორედ რომ მივედი, ჭიდან თოკი ახსნილი დამხვდა. შალვას ეზოში გადავედი, თოკი იქაც არ დამხვდა". – წერს დღიურში ტანია თოდუა.

26-დღიანი მალვის შემდეგ მან, როგორც იქნა, მოახერხა და სხვა ქალების დახმარებით დედა ურიკით მიიყვანა დარსალიების სახლში. იქ მყოფი ქალები ოკუპანტების შიდა ტყვეებად ითვლებოდნენ და ამის ნიშნად თეთრი თავსაბურავები ეკეთათ.

"კი, ჩემივე სახლში ვიყავი ტყვე" – მიდასტურებს ნუცა გიორბელიძე და იხსენებს, რომ თავდაპირველად მთელი ღამის განმავლობაში სახლს წრეებს ურტყამდა, შემთხვევით, რომ არავის დაებომბა სახლი და ცოცხლად არ ამომწვარიყვნენ.

ოკუპანტების წინ დედას საუბარს უკრძალავდა და იტყუებოდა, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადგან იმან რუსული არ იცოდა, ქართულად დალაპარაკება კი გარანტირებულად, ადგილზე დახვრეტას ნიშნავდა.

"ქართულ ენას Собачий язык- ეძახდნენ. უფლება არ გვქონდა, რომ ქართულად გველაპარაკა. რა ძაღლის ენაზე ყეფხარო, ასე გეტყოდნენ"

 თუმცა, ამ შიშის, დამცირებისა და ყველა სირთულის მიუხედავად, თვლის, რომ გაუმართლა იმათგან განსხვავებით, ვინც სოფელ ათარაში წაიყვანეს ტყვედ და არც სცდება.

"იმ ტყვეობაში ნამყოფი გოგონები და ქალები თავიანთ ჭკუაზე ვერ იყვნენ. საშინელება, საშინელება. მაგას სიკვდილი სჯობდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელებისგან. ახლაც მახსენდება ღამღამობით, როგორ გადავრჩი, როგორ შევინახე ჩემი თავი".

5-დღიანი უიმედო ბრძოლის შემდეგ სოფელი კვირა საღამოს დაეცა და ოკუპანტები სოფელში შევიდნენ. მალევე მიაგნეს იმ თავშესაფარსაც, სადაც ვენერა მეშველიანი იმალებოდა.

"შემოვიდნენ და ფეხებთან მოგვაყარეს ტყვიები. დაგხოცავთ ყველას, ხმა არ ამოიღოთო, შეგვაშინეს და გვითხრეს, რომ გადიოდნენ, მაგრამ მალე დაბრუნდებოდნენ".

სანამ ოკუპანტები გასულები იყვნენ, საგუშაგოებთან მობილიზებული კაცები სოფელში დაბრუნდნენ. ალექს ცალანმა მალევე მიაგნო ცოლ-შვილის კვალს და მათთან დასამშვიდობებლად მივიდა.

"არასდროს დამავიწყდება მისი ჩვენთან გამომშვიდობება. ირმას უთხრა, ჭკვიანი და ძლიერი გოგო ხარო. არ შეგეშინდესო. კაცი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდებაო".

ცოლ-შვილთან გამოთხოვების შემდეგ ალექსანდრე ცალანმა სახლიდან გასვლა ვერ მოასწრო, ოკუპანტები და სეპარატისტები დაპირებისამებრ მალევე დაბრუნდნენ უკან. ვენერა მეშველიანი იხსენებს, რომ ისინი სახლში ყვირილით შევარდნენ და სიხარულისგან აჟიტირებულები იყვნენ.  

"ალექსის გარდა კიდევ სამი კაცი იყო იქ. ერთი დაჭრილი 20 წლის ბიჭი. დედის გული ხომ იცით? დედამ არ გაუშვა, არ წახვიდეო, უთხრა, ცოდო ხარო, დაჭრილი ფეხით სად უნდა იაროო. ორი პატარა შვილი ჰყავდა, თავისი მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო.

აბა, ამოდითო, გვიბრძანეს ყველას. ხელებაწეულები ამოგვიყვანეს სარდაფიდან. ეს ოთხი კაცი დააყენეს ჯაჭვიან ღობესთან და ჩვენ თითო-თითოდ, ბატებივით ჩამწკრივებულები გამოგვიყვანეს. სანამ იმ კიბეებს ამოვივლიდით, ავტომატის ჯერით დახვრიტეს ოთხივე კაცი".

იქ იყო ვენერა მეშველიანის ქმარი, მისი ოთხი შვილის მამაც, მაგრამ როგორც გვიყვება, მაშინ ალექსზე დარდი ვერ მოახერხა, შეეცოდა, მაგრამ მისი ყველა ფიქრი შვილს ეხებოდა, 20 წლის ირმას, რომელიც ლამაზი ახალგაზრდა ქალი იყო და დედა ყველანაირად ცდილობდა, საკუთარი სხეულით გადაჰფარებოდა და დაემალა ის, იმათ რომ არ შეემჩნიათ და არ წაეყვანათ.

დაღამებამდე იმ სახლიდან არ გამოუყვანიათ ოკუპანტებს ტყვეები. გარეთ გამოსულებმა გვამებით სავსე ქუჩები იხილეს, ნაწილს თავი ჰქონდა მოჭრილი. ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოკვლის შემდეგ ზემოდან ტანკი გადაატარეს.

"გაბრტყელებული იყო მიწაზე. დედამისი ჩვენთან ერთად იყო, ჩვენთან ერთად ნახა. იკივლა, მაგრამ არ მიუშვეს იქამდე".

სეპარატისტებმა თავდაპირველად არ იცოდნენ, სად წაეყვანათ ტყვეები და სხვადასხვა სახლში ატარებდნენ. ძაძიშვილების სახლში ცოლ-ქმრის გახრწნილი გვამი დახვდათ, მოკვეთილი თავებით. ვენერა მეშველიანის თქმით, თვითონვე შეძრწუნდნენ ამ სურათის ნახვით.

ქუჩაში ნახეს ნაჯახით დაჩეხილი ქალიც და დახვრეტილი ჟორა აკობიძის გვამიც. გიორგი-ჟორა აკობიძე ახალგაზრდა  ოცმეთაური იყო, რომელსაც დახვრეტის შემდეგ თავი მოაჭრეს. მოგვიანებით ის ნუცა გიორბელიძემ და სხვა ქალებმა დამარხეს სოფლის დატოვებამდე.

"ჟორიკოს გადავაფარე ცელოფანი, ზეწარი. ცოტა მიწა ჰქონდა მოტანილი ოთარ ხალიანს და ის დავაყარე, დავფარე, ასე ვთქვათ. სრულად არ გვეყო. შევედი ოთარის სახლში და ვტირი. ჩემს სახლში იყო გაზრდილი ჟორიკო. მოვიდა ერთი და დამცინა, ჩემი მიწა, ჩემი მიწას რომ იძახით, ხომ ხედავთ, თქვენიანის დასამარხი მიწაც კი არ არის აქო".

ნუცა გიორბელიძე-დარსალია

სოფელ ათარაში ტყვეობის დღეების გახსენებისას ვენერა მეშველიანს დიდი, ცისფერი თვალები ცრემლებით ევსება. მხოლოდ ის ახარებს, რომ ნაცნობი აფხაზების ოქროთი მოქრთამვით მოახერხა და შვილი იქიდან გააპარა.

"იმ ღამით იქ საშინელება იყო. გოგოები მიჰყავდათ. ჩვენს აქ წამოყვანამდე ერთ-ერთ მეზობელს შვილიშვილი, ახალგაზრდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭი დაუხვრიტეს თვალწინ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი მეომრებისთვის საზღვარზე წყალი მიჰქონდა. იმ ღამით კი იმ ბიჭის 14 წლის დას დაადგეს თვალი და ისიც წაიყვანეს. ის გოგო აღარავის უნახავს იმ ღამის შემდეგ. ბებიამისი მთელი ღამე კიოდა".

ათარის სკოლაში მყოფი ტყვეების რაოდენობა 300 ადამიანამდე აღწევდა. ისინი სხვადასხვა ოთახში გადაანაწილეს. კაცები ცალკე ჰყავდათ. იმ ერთი კვირის განმავლობაში ოკუპანტები და სეპარატისტები ყოველ ღამით მიდიოდნენ სკოლის შენობაში, მთვრალები და ვინც მოეწონებოდათ, მიუხედავად მათი ასაკისა, ზედა სართულზე აჰყავდათ.

"9 წლის გოგონა იყო ერთი. რამდენი წლის ხარო, ჰკითხა. ცხრაო, უპასუხა ამ ბავშვმა. А ну-ка можно-, უთხრა. ადექი და წამოდიო. დედამისი მოეხვია ამ ბავშვს და მე წამოვალო, უთხრა. ეს დავტოვოთ აქ და მე წამოვალო და დედა წავიდა. ასეთები ხდებოდა. თუ ერთი და უკვე წაყვანილი იყო, ისევ ის მიყვებოდა, მეორე და მაინც რომ გადაერჩინა.

ერთი ასეთი შემთხვევა იყო, ძუძუზე ჰყავდა ქალს ბავშვი და დაადგეს ამას თვალი. ასე უთხრა ერთმა, 10 წუთში გამოდი, თორემ ბავშვს მოგიკლავო. ჩემ გვერდით იწვა ეს ქალი და ტიროდა, ტიროდა, ტიროდა. ამ ქალს იქვე ჰყავდა მეგობარი და უთხრა, წადიო, ბავშვს მე დავიჭერო. წავიდა ეს ქალი, მაგრამ მერე მთელი ღამე იმის ცხარე ცრემლებით ტირილი ისმოდა".

ტყვეებს არ ჰქონდათ არც სასმელი და არც საჭმელი, თუმცა, იმასთან, რაც იქ ხდებოდა, ეს მათთვის ბოლო პრობლემა იყო. ოკუპანტები მათ სცემდნენ და იატაკზე დაწოლილებს ფეხებს აბიჯებდნენ.  

საპირფარეშოში დღეში ორჯერ გაჰყავდათ - დილით და საღამოს. სწორედ ამ გასვლების დროს დერეფანში ხედავდნენ ტყვეებს სხვა ოთახიდან. ვენერა მეშველიანი ამბობს, რომ კაცები იმდენად იყვნენ ნაცემები, მათი ცნობა შეუძლებელი იყო.

"ერთი ქალი იჯდა ჩემთან ახლოს, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ჩვენ შორის და რომ მიჰყავდათ მისი რძალი, ლამაზი ქალი, ხმამაღლა იკივლა, არ წაიყვანოთო. ეს როგორ გაგვიბედეო და ადგილზე დაცხრილეს. მისი სისხლი ფეხებქვეშ მქონდა მთელი ღამე. დილამდე მისი გვამი იქ იყო. დილით კიდევ ორ მოკლულთან ერთად დამარხეს. ჩვენს კაცებს ამოათხრევინეს სკოლის უკან მიწა და სამივე ერთად დამარხეს".  

ერთმა ქალმა გონება დაკარგა, ენა ჩაუვარდა და ვერ ახერხებდნენ მის მოსულიერებას, მაგიდაზე დაასვენეს. წყალს ითხოვდნენ.

"რუსი ჯარისკაცი მოვიდა, ნაღდად რომ ვიცი, რუსი იყო, ავიდა ფანჯარაზე და დააშარდა სახეზე ზემოდან. აი, თქვენი წყალიო, აი, გამოაცოცხლეთ ახლაო".

ამ ყოფაში იყვნენ ისინი მანამ, სანამ სოხუმი არ აიღეს. სოხუმის დაცემის შემდეგ მტერი დამშვიდებულა და რაღაც დროს ტყვეები თავად გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"რომ მოვყავდით, 80 ადამიანი ვიდექით ერთ ავტობუსში. განძრევის საშუალება არ იყო. ერთი კაცი მიყუდებული იყო კართან. ცუდად იყო. ოჩამჩირეში გააჩერეს ეს ავტობუსი, გააღეს კარები და რომ გადავარდა ეს კაცი და მისი თავი რომ დაეცა ასფალტზე, ახლაც ყურში მესმის იმ თავის ხმა.კვახი რომ დაახეთქო რამეს, ასე მოკვდა. მოკიდეს ამას ხელი, ჩატენეს ისევ ავტობუსში და წაიყვანეთ თქვენი მკვდარიო, არ დატოვეს იქ.

გალის მთელ ტერიტორიაზე მიცვალებულები გზის პირზე ეყარნენ. შავი იყო ყველა, გაშავებული. მე მინახავს მკვდარი ცხენი, გასივებული და თავიდან მეგონა საქონელი თუ იყო ეს, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები იყვნენ. მერე მივხვდი, რომ ხელები და ფეხები ჰქონდათ და ადამიანები იყვნენ, დაუმარხავად, გაგანია სიცხეში. გადაუარეს მთელ ქალაქს".


ახალდაბიდან დევნილების მოყოლილი ისტორიები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმას, რაც წესით, უკვე კარგად უნდა ვიცოდეთ - უკრაინაში მომხდარი საზარელი დანაშაულები ერთი ან რამდენიმე რუსი ჯარისკაცის "გადაცდომა" კი არა, ბოროტების იმპერიის მოქმედების პროგრამაა. რუსული იმპერიალიზმისთვის ადამიანს თანაბრად არ გააჩნია ღირებულება ყველგან, საქართველოსა და უკრაინაში, თუ შინ.

რუსეთს ჩვენ, ადამიანები გამართლებულად ვთვლით მტრად. თუმცა, თავად რუსეთი მტრის ადამიანობას არ აღიარებს, მეტიც, მისი მიზანი არა მტრის დამარცხება, არამედ მისი ადამიანობის განადგურებაა. ამიტომაც, როდესაც რუსეთი შემოდის შენს სახლში, გართმევს ყველაფერს, ყველაზე ძვირფასიდან ყველაზე იაფფასიან ნივთამდე, მოგიკლავს ქმარს, გაგიუპატიურებს შვილს, ცეცხლს წაუკიდებს შენს ქონებას, შენს ნაწვალებსა და ნაგროვებს, დაგცინებს და მიწასთან გაგასწორებს.

მეორე მხარეს კი არის დასავლეთი, ცივილიზებული, თავისუფალი სამყარო ლიბერალური დემოკრატიით, სადაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა, ის საზოგადოებრივი წესრიგის მსაზღვრელია

საქართველო ისევ დგას ტოტალურ ბოროტებასა და დასავლურ ცივილიზაციას  შორის, ერთი შეხედვით, ცხადი არჩევანით. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებების მიერ ეს არჩევანი ჯერ კიდევ განუხორციელებლად რჩება. ტოტალიტარიზმის მთავარი მოკავშირე დავიწყებაა, იმ ბოროტების დავიწყება, რომელსაც ის სჩადის

ვენ ვერ დავადანაშაულებთ ვერავის, რომ დაივიწყეს ის, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დაუშავა საქართველოს, როდესაც თავად არ გვახსოვს ახალდაბა, მეტიც, ბუჩაც კი ძლივს გვახსენებს მას.  

კომენტარები