რუსი ტურისტები საქართველოში

კობახიძე რუსებისთვის ვიზების დაწესებაზე: ეს ქსენოფობიაა და ჩვენ მკაცრი პასუხი გვექნება

პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აბსოლუტურად სამარცხვინოა. ეს არავითარ ნორმებსა და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ ევროპელობა უნდა, ისინი ამას ქსენოფობიით ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის. რაც შეეხება ტურიზმს. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ამ კუთხითაც უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ თითქოს, დღეს საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 10%-ია, რაც ტყუილია. მონაცემები რეალურად რომ ავიღოთ, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო. დღეს კი იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ ამაზე შეზღუდვები დავაწესოთ, სანქციები დავაწესოთ და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ქსეონოფობიაზე მკაცრი პასუხი გვექნება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს პარტია ლელოს ინიციატივაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ.  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა.

კომენტარები