რუსეთ-საქართველო

იანვარ-ივნისში რუსეთიდან 444 000-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.3%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში რუსეთის 691 587 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა.

2020 და 2021 წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია - პანდემიის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობა შეზღუდული იყო. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ მაისში გაიხსნა, პირდაპირი ფრენები კი, გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 183 135 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა, ხოლო 2021 წელს - 43 847.

ამ დროისთვის უცნობია, შემოსული 247 149 მოქალაქე/რეზიდენტიდან რამდენმა დატოვა ქვეყანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

"მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა" - ნათქვამია TI-ის კვლევაში.

კომენტარები