ტრაგედია გუდაურში

პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა,  გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისიტრაცია ავრცელებს. 

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ასევე, შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა", მისივე სიტყვებით, საკითხს შეისწავლია, მანამდე კი პარაპლანით ფრენები შეჩერდება. 

გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. შსს-ს ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

კომენტარები