დღეიდან, პირველი აგვისტოდან დასრულდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. თბილისსა და აჭარაში უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებიდან ქუჩაში უშვებენ, რადგან მათი დაბინავების საფასურს მთავრობა აღარ იხდის.
ქართული ოცნების თავმჯდომარრის ირაკლი კობახიძის თქმით, რესურსებიდან გამომდინარე, "გარკვეული ტიპის დახმარება" უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ლტოლვილებს ყოველთვიურ ფულად კომპენსაციას გადაუხდის.
"რა თქმა უნდა, ვითარება, ზოგადად, რთულია, რთულია ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაცია. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა. რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხელისუფლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, კონკრეტული კომპენსაციებია გათვალისწინებული" - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, რამდენად საკმარისია 300-ლარიანი კომპენსაცია საცხოვრებლის დასაქირავებლად, მმართველი გუნდის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ამას ემატება სულადობრივი, 45-ლარიანი დახმარება. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კომპენსაციები.
"რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება რაღაცები ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და ამ მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება. მე შეგახსენებთ, რომ 500 000 სოციალურად დაუცველი პირია საქართველოში და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს. მარტივად არის აქ საქმე" - თქვა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან იღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით, სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235-ლარიან დახმარების პაკეტს.