ტრაგედია გუდაურში

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა

შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის 4 წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

"ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ვერტმფრენი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები