სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: წელიწადნახევრის წინ მეუფე იაკობმა გამაფრთხილა, რომ ოცნება ჩემ მოკვლას გეგმავდა

სოსო გოგაშვილი
სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა. გოგაშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომანოვსკი და ადამია, რომლებიც მან ამხილა და თქვა, რომ მათი დავალებაა, საქართველოში პატრიარქი რუსეთისთვის სასურველი კანდიდატით ჩაანაცვლონ, რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და ისინი ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობენ. გოგაშვილის თქმით, ორივე მხარე საქართველოს პატრიარქის შემცვლელად მეუფე შიოს განიხილავდა.

"საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს. ჩემთვის უცნაურია, ხელისუფლებამ ჩემი დასჯა ამ საქმით რატომ გადაწყვიტა, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან. ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებებისა და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი. მე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან რომ დიახ, ჩვენ ერთად ვართ, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მოქმედებებიდან და განცხადებებიდან. რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის, მატვიენკოს, პოლტავჩენკოსა და ასევე ФСБ-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება, საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება. ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში რომ არიან ეს ზემოაღნიშნული და მიმდინარე საქმითაც დასტურდება, რაშიც მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და დასკვნები საზოგადოებისათვის მიმინდია. ახლა მოგიყვებით რას აკეთებს და აკეთებდა ქართული მხარე და რა ფორმით ვიყავი მე ჩართული ამ ყველაფერში. სანამ კონკრეტულად ფაქტებზე გადავალთ, იქამდე მინდა რამდენიმე პასაჟი გავაკეთო სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, მე ყოველთვის ვცდილობდი, ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა. პრევენციულად რამოდენიმეჯერ სუსიდან წამოსულმა ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გავაჟღერე, მაგრამ, პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატები არ დამისახელებია. პირველ კანდიდატად მეუფე შიო განიხილებოდა, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით ეს იმიტომ არ გავაჟღერე, რომ მინდოდა, პირადად მეუფე შიო მენახა. 30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ, მე მეუფე შიოს დავუკავშირდი და ყველაფერი მოვუყევი, რომ ამ ტიპის ჩარევა ხდებოდა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად 14 ოქტომბერს პატრიარქი გადადგომას აპირებდა, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონაც შეწუხებული იყო და ასევე, ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდა პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე დახმარება აღვუთქვი და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს კი მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა, ეს ყველაფერი შემეჩერებინა. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება - იოსებ, შვილო, ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები. მე მას ხელზე ვეამბორე და ვუთხარი, რომ  თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი". - ამბობს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური აქტივობა და ქართული ოცნების მხილება დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურისგან მეგობრული "რჩევა-გაფრთხილება" მიიღო. გოგაშვილის თქმით, ის ასევე გააფრთხილა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმაც, რომელმაც უთხრა, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავდა.

"მას შემდეგ მე ავიღე გარკვეული პაუზა. ამ ხნის განმავლობაში მივიღე ბევრი მუქარა, გაფრთხილება, კეთილი რჩევა, ცოტა ხნის შემდეგ კი დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული ,,რჩევა-გაფრთხილება” მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი, საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ. ასევე მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება ჩემ ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ქილერს და ჩვენი მსჯელობის დროს, ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ქილერი პანკისში იმყოფებოდა. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია. დავუბრუნდები ე.წ გატარებულ ღონისძიებებს. როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფესთან დაკავშირებით, სხვადასხვანაირად ახასიათებდა ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი მეუფე შიოზე გააკეთა, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან". - წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".

TI-ისა და ISFED-ის მიერ 21 ივლისს გავრცელებული მასალების მიხედვით, რომელიც მათ სოსო გოგაშვილმა გადასცა, არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

26 ივლისს სოსო გოგაშვილმა მორიგი მიმართვა გაავრცელა.  წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა.

წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა".

ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები