რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Der SPIEGEL: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას დათანხმდა

გერმანული Panzerhaubitze2000

გერმანული გამოცემა der SPIEGEL-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციის მთავრობა ფარულად დათანხმდა უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას, რაც მილიარდამდე ევროს ღირებულების შეთანხმება იქნება. 

გამოცემის ინფორმაციით, 13 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) Panzerhaubitze2000-ის ტიპის სისტემის თვითმავალი ჰაუბიცების წარმოების ლიცენზია მისცა. აქამდე, აპრილში უკრაინის მთავრობა KMW-სთან ცდილობდა გაერკვია, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მათი პროდუქციის პირდაპირ კომპანიისგან შეძენა. KMW-მ უკრაინას შესაბამისი შეთავაზებაც გაუგზავნა.

der SPIEGEL-ი წერს, რომ მათთან KMW-ს წარმომადგენელმა დაადასტურა შეთანხმების შესახებ. როგორც გერმანული მედია წერს, მათ იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან უთხრეს, რომ წარმოების მიღების ნებართვის აპლიკაცია ეკონომიკის დეპარტამენტს 11 ივლისს გაუგზავნეს და ორი დღის შემდეგ დასტური მიიღეს. KMW-ს სპიკერის თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის ფასი €1.7 მილიარდი იქნება. ეს თანხა სცდება აქამდე შესრულებულ მიწოდებებს, დაახლოებით €600 მილიონით. KMW-ში იარაღის წარმოებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ. უცნობია თუ როდის ჩავა პირველი ჰაუბიცები უკრაინაში. ამ იარაღების წარმოება, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება, ასე რომ, მთავარი მიზანი უკრაინის არმიის გრძელ ვადაში გაძლიერებაა.

რამდენიმე კვირის წინ, გერმანიამ, საკუთარი მარაგებიდან, უკრაინას უკვე მიაწოდა რამდენიმე Panzerhaubitze2000. უკრაინელი სამხედროების ნაწილმა გერმანიაში სისტემის გამოყენებისთვის წვრთნაც გაიარა.

Panzerhaubitze2000-ს 30-დან 40 კმ.-მდე სროლა შეუძლია, გააჩნია იმას, თუ რომელი საბრძოლო მასალა იქნება გამოყენებული. მიიჩნევა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ჰაუბიცა, რომელსაც წუთში 10 ჭურვის გასროლა შეუძლია.

როგორც der SPIEGEL-ი წერს, შეთანხმება მიუთითებს გერმანიის მთავრობის კურსის ცვლილებას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან საკუთარი მარაგებიდან დანადგარებს ვეღარ გასცემენ და დამოკიდებული იქნებიან კიევსა და გერმანულ სამხედრო წარმოების კომპანიებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე. გერმანული გამოცემა წერს, რომ ამ გზით უკვე შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათასი ტანკსაწინააღმდეგო Matador-ისა და ჰაერსაწინააღმდეგო Iris-T-ს სისტემების უკრაინისთვის გადაცემის კონტრაქტის გაფორმება. ამ შეიარაღებას უკრაინა, სავარაუდოდ, სექტემბერში მიიღებს.

კომენტარები