რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ თავად რუსეთის პოზიცია დააზიანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/File Photo

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის მიმოცვლის განბლოკვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის სამხრეთ პორტზე თავდასხმა ადასტურებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები შეუძლებელია. ამიტომ, მისი განმარტებით, სარაკეტო თავდასხმამ თავად რუსეთის პოზიცია დააზიანა. 

"ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რაც არ უნდა თქვას, რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზას, რომ ვალდებულებები არ შეასრულოს". - აღნიშნა ზელენსკიმ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით.

ზელენსკის თქმით, ოდესაზე თავდასხმით რუსეთმა საკუთარი პოზიციები დააზიანა, რამდენადაც, ცხადი გახდა, რომ მოსკოვის ნდობა შეუძლებელია. 

"დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე, ჩვენს პორტზე, არის ცინიკური და ეს იყო დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე. თუ ვინმეს მსოფლიოში მაინც შეუძლია თქვას, რომ მასთან, რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, ნახეთ რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრებმა გაანადგურეს მსგავსი განცხადებების შესაძლებლობა" - აღნიშნა ზელენსკიმ. 

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

ოდესაზე თავდასხმას მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო სივრცეში: გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ რუსეთის მოქმედებები დაგმეს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა "ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულების სანდოობას გუშინდელ შეთანხმებაზე“.

"რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სასურსათო კრიზის გაღრმავებაზე, მან აგრესია უნდა შეაჩეროს". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. 

22 ივლისს, მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს

კომენტარები