დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატების რაოდენობა 4-მდე შემცირდა

რიში სუნაკი და ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შემდეგ, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და შესაბამისად, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კანდიდატების რაოდენობა 4-მდე შემცირდა.

კანდიდატებს შორის არიან: ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში, პენი მორდონტი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი.

მესამე კენჭსყრისას კონსერვატორი დეპუტატების ყველაზე დიდი მხარდაჭერა სუნაკმა 115 ხმით მიიღო. მეორე ადგილზე 82 ხმით ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პენი მორდონტია, ხოლო მესამე ადგილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა 71 ხმით დაიკავა. 

კენჭისყრის მესამე რაუნდს ყველაზე ნაკლები ხმით საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰათი გამოეთიშა. მას მხარი მხოლოდ 31-მა კონსერვატორმა დეპუტატმა დაუჭირა. 

კენჭისყრის მე-4 ტური დღეს, 19 ივლისს გაიმართება და პარტიის თავმჯდომარეობისთვის რბოლას კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშება. ხოლო, მე-5 ტური 20 ივლისს ჩატარდება, რის შედეგადაც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი მათგანი გააგრძელებს. 

ბოლო ტურში კონსერვატიული პარტიის 200 000 წევრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმას საკუთარ კანდიდატს მისცემს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

კომენტარები