სოსო გოგაშვილი

ადვოკატი: გოგაშვილი არჩევნების გაყალბების საქმეზე მუშაობდა – დოკუმენტებს გაასაჯაროებს

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავებული ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, გოგაშვილის აზრით, მისი დაკავება არჩევნების გაყალბების საქმეზე მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს უკავშირდება და მისი დაკავებით ინფორმაციის გავრცელების პრევენცია მოხდა.

"როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას. ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული დოკუმენტი, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა. ის ამ ყველაფრის პრევენციისათვის დააკავეს. თუმცა ის აპირებს, რომ იბრძოლოს სიმართლისთვის. აცხადებს და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ის უკანონოდ დააკავეს

[...] როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და უახლოეს დღეებში მის გასაჯაროებას აპირებს". – თქვა ადვოკატმა სუს-ის შენობაში გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.

"სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, საგანგაშო – სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, სოსო გოგაშვილის მეუღლემ დაინახა ერთ-ერთი პიროვნება როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში, საქამრეში და შემდეგ ეს ლეპტოპი სხვა გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებულ იქნა სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად". – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

ადვოკატის თქმით, გოგაშვილს დაკავებისას "წელის არეში წიხლებით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება", რაც პოლიციის მიერ იარაღზე გოგაშვილის თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ის ძალით გადატანის დროს წინააღმდეგობის გაწევამ გამოიწვია.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ როდესაც გოგაშვილს ხელები ჰქონდა შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით. ამ დროს გაუწია გოგაშვილმა წინააღმდეგობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად". – თქვა ადვოკატმა.

რამაზ ჩინჩალაძემ ასევე ისაუბრა გოგაშვილის ოჯახის მიერ გაჟღერებულ იარაღის ჩადების ფაქტზე.

"13 რეგისტრირებული იარაღი აქვს სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, რომ დამატებით 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა მას სახლში". – ამბობს ადვოკატი.

15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ "გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა". გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები