კალინინგრადის ტრანზიტი

კალინინგრადის გუბერნატორი ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით იმუქრება

ანტონ ალიხანოვი

რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი, ანტონ ალიხანოვი ლიტვის მიერ ტრანზიტის ჩაკეტვის პასუხად ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით იმუქრება.

"ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსი, პრინციპში, შეიძლება განადგურდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბალტიისპირეთისკენ მიმავალ და გამომავალ ტვირთებთან დაკავშირებით ანტისანქციებს მიიღებს". – თქვა ალიხანოვმა. 

კალინინგრადისთვის დაწესებულ სანქციებზე რუსეთის საპასუხო პროექტი ალიხანოვმა რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცა. მისი თქმით, საუბარია "ლიტვისთვის ძალიან კრიტიკულ" ეკონომიკურ ზომებზე. 


18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.

ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი "დერეფანი" არ იქნება.

კომენტარები