კალინინგრადის ტრანზიტი

მედვედევი ლიტვაზე: არსებობს ასიმეტრიული ზომების მიღების შანსი, რაც კონფლიქტს გაამწვავებს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ლიტვის მიერ კალინინგრადის ტრანზიტის შეზღუდვას Аргументы и факты-სთან ინტერვიუში "თავხედური" უწოდა. მისი თქმით, ლიტვას თავისი ნაბიჯების შედეგები არ ადარდებს. მედვედევი ვილნიუსს არაპროპორციული პასუხით ემუქრება. 

"რა თქმა უნდა, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ისინი ძალიან ხისტი იქნება. ჯერჯერობით არ დავაზუსტებ, ზუსტად რაები იქნება. ბევრი შესაძლებლობაა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური სახისაა და შეუძლია სუნთქვა შეუკრას ჩვენს ბალტიისპირელ მეზობლებს, რომლებიც მტრულად მოქმედებენ. არსებობს ასიმეტრიული ზომების მიღების შესაძლებლობაც, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს კონფლიქტის კრიტიკულ გამწვავებას". – თქვა მედვედევმა.

მედვედევის მუქარით, ასეთი ესკალაცია ლიტვის რიგით მოქალაქეებს შეეხებათ.

"ასეთი ესკალაცია ცუდი არჩევანია და მისგან დაზარალდებიან ლიტვის უბრალო მოქალაქეები, რომელთა ცხოვრების დონე ისედაც არაა ყველაზე მაღალი, ევროკავშირის სტანდარტით კი უდაბლესია". – აღნიშნა მედვედევმა. 

მედვედევი კალინინგრადის ტრანზიტის ჩაკეტვაზე სრულ პასუხისმგებლობას არა ევროკავშირს, არამედ ვილნიუსს აკისრებს. მისი თქმით, ლიტვამ კიდევ ერთხელ აჩვენა "გონებაჩლუნგი რუსოფობიული დამოკიდებულება".


18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.

ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი "დერეფანი" არ იქნება.

კომენტარები