რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსი სენატორი: თუ EU კალინინგრადის საკითხს არ გამოასწორებს, სამოქმედოდ ხელები გაგვეხსნება

ანდრეი კლიმოვი

რუსი სენატორები ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმუქრებიან. კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, რომელიც მისგან მოწყვეტილია და საერთო საზღვარი არ აქვს.

ფედერაციული საბჭოს სახელმწფიო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს საკითხი ევროკავშირმა უნდა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება. 

"თუ ევროკავშირი დაუყოვნებლივ არ გამოასწორებს ვილნიუსის თავხედურ გამოხტომას, ჩვენთვის თავადვე უარყოფს ლიტვის ევროკავშირის წევრობის ყველა დოკუმენტის ლეგიტიმურობას და კალინინგრადის ტრანზიტის ლიტვის მიერ შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად ხელებს გაგვიხსნის, ჩვენ მიერ არჩეული ნებისმიერი გზით". – წერს კლიმოვი საკუთარ Telegram-არხზე.

აქამდე, რამდენიმე დღის წინ, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ლიტვამ შეწყვიტა იქ იმ ტრანზიტული მატარებლების გაშვება, რომელთაც ევროკავშირის სანქციებში შესული საქონელი გადაჰქონდათ.

"რაც შეეხება NATO-ს, ლიტვა იქაც მიიღეს 2004-ში, კალინინგრადის ტრანზიტის პრობლემის გათვალისწინებით. ამრიგად, ვილნიუსის დაუშვებელი ქცევა ახლა დარტყმის ქვეშ აყენებს მთელ ამ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც დე იურედ, ერთ-ერთი საკუთარი წევრი ქვეყნის ხელებით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მიუღებელ ბლოკადას იწყებს... ეს უკანასკნელი შესაძლოა შეფასდეს როგორც პირდაპირი აგრესია რუსეთთან მიმართებაში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით გვაიძულებს სასწრაფოდ მივმართოთ საჭირო თავდაცვას". – წერს კლიმოვი. 

ამას გარდა, იმუქრება რუსეთის ფედერაციული საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიშასი.

"ლიტვის მხრიდან კალინინგრადის ოლქზე ფაქტობრივი ბლოკადის დაწესების მცდელობას წარმოადგენს მოცემულ რეგიონზე რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევას და შესაძლოა გახდეს რუსეთის მხრიდან ძალიან ხისტი და აბსოლუტურად კანონიერი ქმედებების საფუძველი". – წერს კლიშასი საკუთარ Telegram-არხზე.

კომენტარები