რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაუსედა კალინინგრადზე: ლიტვამ EU-ს სანქციები უნდა შეასრულოს, არანაირი დერეფანი არ იქნება

გიტანას ნაუსედა

ლიტვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის ექსკლავის, კალინინგრადის მიმართ დაწესებული შეზღუდვები აუცილებლად გატარდება და გამონაკლისის სახით "დერეფანი" არ შედგება. 

"თემა ახალი არაა – კალინინგრადის ტრანზიტი მოქმედებს 2004 წლიდან, როცა ლიტვა ევროკავშირში შევიდა. ტრანზიტის პირობები განხილულია შეთანხმებაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რისი შესრულებაც ცალმხრივად პასუხისმგებელია არა ლიტვა, არამედ ევროკავშირი. ახალი ამ თემაშ არის ის, რომ ევროკავშირის მიერ, ლიტვის აქტიური მონაწილეობით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იქნა სანქციების მეოთხე პაკეტი, რაშიც შედის გარკვეული საქონლის ჯგუფები (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების ნივთები), რის შემდეგაც გაჩნდა შეკითხვა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს სანქციები კალინინგრადის ტრანზიტის მიმართ. 

ეს თემა განვიხილე ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან. სავსებით ცხადია, რომ ლიტვამ უნდა გაატაროს და გაატარებს ევროკავშირის სანქციებს. ლიტვამ უნდა შეინარჩუნოს და შეინარჩუნებს კონტროლს საქონელზე, რომელიც თავის ტერიტორიაზე გადის და არანაირ "დერეფანზე", ისევე როგორც კრემლის საფრთხის პასუხად დათმობაზე, საუბარი არ იქნება". – წერს ნაუსედა საკუთარ Facebook-ზე. 

ამას გარდა, ნაუსედას თქმით, ლიტვის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ევროკომისიასთან კონსულტაცია, რადგან ლიტვის ინტერესებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს ზიანი არ მიადგეს. 

18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.

ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

კომენტარები