კრიმინალი

$2 000 000-ის გათეთრება – პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად საქართველოს გავლით თითქმის $2 000 000 უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტირების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.

პროკურატურის ცნობით, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. 

"მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა. 

აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 2 000 000  დოლარის გათეთრება". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები