საქართველო-ევროკავშირი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა EU-ს კანდიდატობისთვის რეფორმების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც, მათი შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის ბოლომდე მარტივად განხორციელებადია. ორგანიზაციების ცნობით, გეგმა შეიცავს იმ რეფორმების მინიმუმს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისთვის სჭირდება. 

ევროკავშირის რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა წარმოადგენს. გეგმაზე ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ამ პირობის შესრულება პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლის თავმჯდომარედ დანიშვნითაა შესაძლებელი. გეგმის მიხედვით, ამ ხუთ კომიტეტს შორის, ორი სავალდებულოდ უნდა იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დანარჩენი სამი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, განისაზღვრება ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართვას, გეგმა ამ მოთხოვნას 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებით პასუხობს. არასამთავრობოების შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები უნდა აირჩნენ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. 

შენიშვნით სახით ისინი აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა და მისი წარდგენა პარლამენტში უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.

ხელმომწერი ორგანიზაციები სასამართლო რეფორმისთვის რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯებს სახავენ: 1) მიიღონ და განახორციელონ სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა. 2) განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა. 3) დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. 4) შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. 5) გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა. 6) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

ანტიკორუფციული სააგენტოების გაძლიერების მხრივ, არასამთავრობოები ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. გარდა ამისა, მათი ხედვით, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება.

დეოლიგარქიზაციის ნაწილში, ისინი თვლიან, რომ არსებული გეგმის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირებას ავტომატურად გამოიწვევს.

რაც შეეხება ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლას, ავტორები თვლიან, რომ ამ მხრივ დამატებითი ინიციატივა საჭირო არ არის. მათი სიტყვებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას.

დამოუკიდებელი და უსაფრთხო მედიის კონტექსტში, არასამთავრობოები ხელისუფლებას კრიტიკული მედიის მიმართ მიმდინარე გამოძიებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი არსებითად თვლიან, რომ პროკურატურამ, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა განაახლოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, ავტორები გამოსავალს ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატის უფრო ეფექტიანად გახდომაში ხედავენ. ასევე, გეგმის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. დემოკრატიის ინდექსი
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  5. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი
  8. მედიაომბუდსმენი
  9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  11. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  12. სასამართლოს გუშაგი
  13. საფარი
  14. სამოქალაქო იდეა
  15. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  16. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
  17. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  18. სატელევიზიო ქსელი
  19. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  20. უფლებები საქართველო
  21. მედიის განვითარების ფონდი
  22. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

კომენტარები