დონეცკის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ბრალი წაუყენა დიდი ბრიტანეთის კიდევ ორ მოქალაქეს, დილან ჰილსა და ენდრიუ ჰილს. მათ ბრალად ედებათ იმავე მუხლების დარღვევა, რომლებსაც აქამდე ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანეთის 2 და მაროკოს 1 მოქალაქეს ედავებოდნენ. შესაბამისად, ჰილებს, შესაძლოა, სიკვდილი მიუსაჯონ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მომხდარი დაგმო და თქვა, რომ ეს ტყვეების "პოლიტიკური მიზნებით ექსპლუატაციაა".
"ვგმობთ ომის პატიმრებისა და მოქალაქეების პოლიტიკური მიზნებით ექსპლუატაციას და ეს საკითხი რუსეთთან წამოვაყენეთ". – თქვა CNN-თან ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
აქამდე, 9 ივნისს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკი სასამართლომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯა. მათ მარიონეტული რეგიონის ე.წ. სასამართლოსგან შეწყალებისა და სასჯელის შემსუბუქების უფლება გააჩნიათ.
სიკვდილმისჯილები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები ეიდენ ასლინი და შონ პინერი და მაროკოს მოქალაქე – საადუნ ბრაჰიმი.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ბრაჰიმმა, პინერმა და ასლინმა აღიარეს ბრალი, რომ ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რაც დსრ-ს ე.წ. კონსტიტუციით, დახვრეტით ისჯება.