შვედეთი-ფინეთი-NATO

ერდოღანი NATO-ს სამიტამდე შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს შეხვდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იზმირში, სამხედრო წვრთნებზე, 2022 წლის 9 ივნისი
AP News

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს სამიტამდე შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით შეხვდება. NATO-ს მადრიდის სამიტი 29-30 ივნისს გაიმართება. 

ერდოღანის პრესსპიკერი ცნობით, შეხვედრას, ამასთანავე, დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სედატ ონალი. კალინმა, ასევე, განმარტა, რომ შვედეთთან და ფინეთთან NATO-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებები "თურქეთის პოზიციის ცვლილებას არ ნიშნავს". კალინმა მანამდე აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის წევრობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მადრიდის სამიტი საბოლოო თარიღი შეიძლება არ იყოს. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები