საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა საზიანოა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა არასერიოზული და საზიანოა - ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. 

ბოკერიას სიტყვებით, დღევანდელ ვითარებაში ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში. მისივე სიტყვებით, ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით ფართო კონსესუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, რაც "საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს", თუმცა, ევროპული საქართველოს თავჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია. 

"მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება - პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი სჭირდება ქვეყანას.

რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს. ევროპული საქართველო’ სწორედ ამაზეა ფოკუსირებული და აფართოებს იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც მზადაა ივანიშვილს ძალაუფლება ჯიუტი პროტესტით დაათმობინოს". - თქვა ბოკერიამ.  

გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას [...] ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია." - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

კომენტარები