ბიძინა ივანიშვილის საქმე

Credit Suisse-ი კომპენსაციის გადახდის თავიდან ასარიდებლად საკანონმდებლო ხვრელს განიხილავს

ქართული ოცნება

ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse Group AG-ს ბიძინა ივანიშვილთან დავაში კომპენსაციის მიზნით $607 მილიონი დააკისრა. Credit Suisse Life Bermuda-მ განაჩენი უკვე გაასაჩივრა. 

Credit Suisse-ს ადვოკატის, ჯონათან ქროუს თქმით, გადაწყვეტილების სისწორის მიუხედავად, ბანკი მაინც ვერ შეძლებს ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას, ვინაიდან ეს ბერმუდას კანონმდებლობის ერთ-ერთ მუხლს ეწინააღმდეგება.

კერძოდ, 2000 წლიდან ბერმუდაში მოქმედებს კანონი სეგრეგირებული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ. კანონის ფარგლებში, სეგრეგირებული ანგარიშების მქონე კომპანიებს ანგარიშებისა და აქტივების ცალკეულ ანგარიშებად დაყოფის საშუალება ეძლევათ. კანონის მიზანია, დაიცვას ანგარიშის მფლობელები მათი ქონების გამოყენებისგან მზღვეველების, ან სხვა კომპანიებთან დავის პროცესში.

"ჩვენ ვიბრძოლეთ და დავმარცხდით და არ ვცდილობთ პასუხისმგებლობის არიდებას, მაგრამ კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან". - თქვა ქროუმ.

ჰარგუნმა სამი თვის წინ ივანიშვილის ზარალი 553$ მილიონად შეაფასა, ხოლო Credit Suisse-მა აპრილში აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში 600$ მილიონად შეფასებად მოელოდა. ამასთან ერთად, მოსამართლემ Credit Suisse Life-ი გააკრიტიკა და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ "თვალი დახუჭა" პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. ბანკის მტკიცებით, ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, "მარტოხელა მგელი" იყო და თაღლითურ საქმიანობას მალავდა. 

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

 

კომენტარები