ბიძინა ივანიშვილი

FT: Credit Suisse-მა ივანიშვილთან დავა წააგო, $500 მილიონს გადაუხდიან

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

Financial Times-ის ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში დავა წააგო. 

ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა მოუწევს. 

ოთხშაბათს, 23 მარტს შვეიცარიულმა ბანკმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებდა, შესაძლოა ვალდებული გამხდარიყო გადაეხადა $500 მილიონამდე. 

სასამართლოს დასკვნა მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა პირები, რომლებიც საქმის დეტალებს იცნობენ, ამბობენ, რომ დავა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ დასრულდა. 

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ აქაურ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

ივანიშვილი არის 5 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს ჯერ კიდევ უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ლესკოდრონის ბრალდება დაუმტკიცდა. ამ ხუთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არ სჯერა, რომ ბანკირი თაღლითობის დანაშაულებს ბანკის დახმარების გარეშე აკეთებდა. ლესკოდრონი ბოროტმოქმედებს ჩადიოდა საკუთარი კოლეგებისა და ზემდგომების წინააღმდეგ. 

გასულ წელს სასამართლო პროცესიდან გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს აკრიტიკებდა.

"ასეთი თავხედობა, რომელიც Credit Suisse-თან ურთიერთობაში გამოვცადე, არ შემხვედრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთისა და საქართველოს ყველაზე ველურ კაპიტალიზმშიც კი. არასდროს მინახავს, მომხმარებელს ასე ცუდად სადმე სხვაგან მოპყრობოდნენ. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა", – ამბობდა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოზე, რომელსაც ის დისტანციურად, თბილისიდან ესწრებოდა. ეს საქმესთან დაკავშირებული პირველი საჯარო განცხადება იყო, 2019 წელს Bloomberg-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ.

კომენტარები