საქართველო-ევროკავშირი

მიშელი EU-ს ქვეყნებს: გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები 23-24 ივნისის სამიტზე ოფიციალურად მიიწვია. მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.

"დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. [ევროკავშირის ქვეყნებს] გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ძლიერი ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიწოდებას". – თქვა მიშელმა.

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები