ევროკავშირი-საქართველო

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. შედეგად, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკომისიამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. 

ამის შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები