რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი პუტინს: გაუპატიურება სიკეთისთვის, მოკვლა სამოთხისთვის, Z-ის გარდა ვინ დაიჯერებს?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

"პუტინის კანიბალისტური ომის ახალი განმარტება - თქვენ თავს ესხმით უკრაინას, რუკიდან შლით ქალაქებს, მასობრივად ხოცავთ მშვიდობიან მოქალაქეებს, რუსეთს შუა საუკუნეების ეპოქაში აბრუნებთ და შემდეგ ამას დასავლეთის მაშველ რგოლს უწოდებთ? გაუპატიურება - სიკეთისთვის, მოკვლა - სამოთხეში მოხვედრისთვის? ვის უნდა სჯეროდეს ამის, გარდა Z ბანაკისა?" - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

17 მაისს სანქ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ "დასავლეთი რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინაში მაშველ რგოლად იყენებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ყველაფერი რუსეთს დააბრალონ".

ასევე, პუტინმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეკონომიკა, ბაზრები და გლობალური ეკონომიკური სისტემების პრინციპები საფრთხის ქვეშაა. პუტინის სიტყვებით, ამაში დამნაშავე აშშ და დიდი ბრიტანეთია.

"შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც ლონდონმა, ცივ ომში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მოგვიანებით კი, თავი დედამიწაზე მყოფ ღმერთებად მოიაზრეს, რომლებსაც არ აქვთ მოვალეობები, მხოლოდ ინტერესები". - თქვა პუტინმა. 

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს 2022 წელს პოლიტიკოსები დასავლეთიდან არ დაესწრნენ.

კომენტარები