საქართველო-ევროკავშირი

მელია: ქვეყანა აქამდე ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვიდა

"ეს იყო ხელისუფლების მიზანიმართული, შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკომისიის  რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, EU-ს წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და პირობების შესრულება მოუწევს. მელიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანა "აქამდე ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად" მოვიდა.

ნიკა მელიას შეფასებით, საბოტაჟი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან:

  1. როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს -  ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები, კლანი სასამართლოში, ზეწოლა მედიაზე, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, საგანგებოდ, ევროკომისიის გადაწვყეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სპეციალურად პროცესის  საბოტაჟისთვის დააჩქარა მკაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება. ამ თავხედურ და ღია პოლიტიკურ დემარშს, ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას მოჰყვა ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუციაც. პროცესი ხელისუფლებამ განგებ შეიყვანა ჩიხში. 
  2. გამოხატულება, თუ როგორ ახდენდა ქართული ოცნება საქართველოს ევროინტეგრაციის ტორბედირებას - ჩვენს დასავლელ მეგობრებზე მუდმივი თავდასხმა, მათი კრიმინალებად გამოცხადება. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ მცოდნედ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა, არამარტო ლანძღა, არამედ კრიმინალად გამოაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას, ევროპის სახალხო პარტიას - კრიმინალების პარტია უწოდა. კრიმინალები უწოდა იმ დასავლეთს, რომელსაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის უამრავი ძალისხმევა გაუწევია. კრიმინალები უწოდა იმ ევროპას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მილიარდობით ევრო გაუღია. მაგრამ ქართული ოცნებისგან განსხვავებით,  ჩვენ ამ ყველაფერს არა კრიმინალს, არამედ მეგობრობას ვეძახით. ცალკე აღსანიშნავია აღვირასხნილი, უტიფარი, ანტიდასავლური, მართლაც 100%-ით რუსული დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს დასავლეთი, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა. დასავლეთი ათწლეულების მანძილზე საქართველოში მხოლოდ მშვიდობას, წესრიგს, უსაფრთხოებას და განვითარებას უწყობდა ხელს. ასე იყო 90-იან წლებში, როდესაც დასავლეთი აძლიერებდა ჩვენს სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომ ჩვენ თავად გავმკლავებოდით ტერორიზმის და ორგანიზებული კრიმინალის საფრთხეს.
  3. ანტიქართული პოლიტიკა იყო ის, რომ  საქართველოს მთავრობა მთელი ამ თვეების მანძილზე მუდმივად თავს ესხმოდა თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მის პრეზიდენტს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემეგობრა, ემუშავა და კავშირები გაეღრმავებინა უკრაინასთან, ოცნებამ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ჩვენს მტრებად გამოაცხადა და ყველფერი ქნა საქართველოს უკრაინისგან დისტანცირებისთვის.

"სწორედ ჩამოთვლილი ხერხებით ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟის შედეგია, რომ დღეს საქართველო დგას რეალური და დიდი საფრთხის წინაშე, აღმოჩნდეს ევროპული განვითარების მიღმა. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ მთავრობამ არასაკმარისად იმუშავა ან კომპეტენცია არ ეყო. მთავრობამ იმუშავა - მაგრამ იმუშავა საპირისპირო მიმართულებით" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ  არსებობობს ერთი ფაქტორი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია

"დღეს ისევ უცვლელია ერთი რამ და ის ერთი, ოცნებისთვის დაუძლეველი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი მეგობრები საქართველოს კლავ იმედით შემოჰყურებენ, არის ქართველი ხალხის შინ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნების მტკიცე ნება და მისი ისტორიული არჩევანი.

ჩვენ, ქართველ ხალხს, ისტორიის მძიმე თუ ბედნიერებით აღსავსე პერიოდები, ათწლეულები, საუკუნეები, ცრემლით, ოფლით და სისხლით იმიტომ არ გამოგვივლია, რომ ერთ დღესაც, ხელისუფლებად წოდებულმა ოლიგარქის მსახურებმა გვითხრან, რომ ჩვენი ღირსება, ჩვენი წარსული ბრძოლები, ჩვენი სურვილი, მომავალში ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე, თავისუფლად და მშვიდობიანად, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი იდენტობა დიდ ევროპულ ოჯახში - არ გამოვა და უნდა დავივიწყოთ. 

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ნებას. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ომშია შესული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან და საკუთარი ქვეყნის მომავალთან. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ფრონტი გაუხსნა მთელ დასავლურ სამყაროს, მაგრამ დასავლეთი რჩება საქართველოს მეგობრად, ერთადერთი მიზეზის - ქართველი ხალხის გამო.

ახლა ჩვენი, ქართველი ხალხის ჯერია. უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი აწმყო, ჩვენი მომავალი. დღეს უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ ჩვენსა და ევროპულ განვითარებას შორის დგას რუსი ოლიგარქი.

თუ მოლდოვამ შეძლო, მოახდინა ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და მიიღო კანდიდატის სტატუსი - ჩვენც შევძლებთ. გელოდებით რუსთაველზე 20 ივნისს, 20:00 საათზე. დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით" - განაცხადა ნიკა მელიამ.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

ამის შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

კომენტარები