ევროკავშირი-საქართველო

ევროკომისია: ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, LGBTIQ თემის დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საჭიროა სექსუალურ და გენდერულ უმცირესობათა უფლებები საქართველოში მეტად იყოს დაცული.

"ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექსების ან ქვიარ პირების უფლებების დასაცავად (LGBTIQ) მეტი უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით 2021 წლის ივლისის მოვლენების გათვალისწინებით". - ვკითხულობთ ევროკომისიის დასკვნაში.

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები