ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს. სომხეთი ლიდერობას იღებს და ვფიქრობ, მომავალში ქართველებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს და პრორუსული ძალები ვერ შეძლებენ ქვეყნის უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას.
მთავარი გადაწყვეტილების მიმღები თავად ქართველი ხალხია. ამიტომ, მოთმინება გვჭირდება. დღეს რეალობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს მუდამ არ გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერის შინაგანი სული – მიუხედავად რეპრესიებისა და ყველაფრისა. მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ის შეცდომები რაც დაშვებული იქნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო – ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის. უნგრელებს 16 წელი დასჭირდათ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად და იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ადრე ორბანს აძლევდნენ ხმას.
ერთ ან ორ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ გზა, დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და რეალობას თვალი გავუსწოროთ. არ უნდა დავთმოთ ის, რისიც გვჯერა. სწორედ ასე ვხედავ საქართველოში ხალხს – ისინი კვლავ იბრძვიან და მომავალის იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ეს მარტივი პროცესი არ არის. გარედან არავინ მოვა რეჟიმის შესაცვლელად. ვითარების შეცვლა მხოლოდ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია.




