საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერილი ანგარიში "სრულიად აცდენილია რეალობას". უწყების მტკიცებით, დოკუმენტი "ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში".
"შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს.
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.
მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.
მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას.
ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.
საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას" - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დღეს, 5 მაისს დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, მის წინააღმდეგ 14-მა, 2-მა კი თავი შეიკავა.
ანგარიში ეხება 2025 წელს საქართველოში და მისი ავტორია ლიტველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
"სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება; პირიქით, ქვეყანა აგრძელებს ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვას. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები, რომლებიც მიზნად ისახავს ოპოზიციურ პარტიებს, დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, ამავდროულად სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პოლიტიკური პატიმრები კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი, ხოლო სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი წვდომის გარეშე. პოლიტიკური პატიმრების არსებობა ფუნდამენტურად შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან," - განაცხადა იუკნევიჩიანემ კომიტეტის სხდომაზე.
ანგარიშში დაგმობილია "ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიული უკუსვლა, სისტემური დევნა ჟურნალისტებისა და აქტივისტების, რეპრესიული კანონები და პოლიტიკური მოტივით დაკავებები.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, მიიღონ სანქციები "საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებზე" და ითანამშრომლონ სხვა იურისდიქციებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და აშშ.
"ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და ვიზების აკრძალვა, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელ პირებზე. ისინი განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისადმი, დააწესოს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ამავდროულად მოუწოდებენ ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან," - წერია კომიტეტის პრესრელიზში.
საგარეო საქმეთა კომიტეტის შემდეგ, რეზოლუციას განიხილავენ პლენარულ სხდომაზე, სადაც ის საბოლოო კენჭისყრაზე გავა.





