რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ხარკოვის ოლქში აზოვის პოლკის შტაბი გაანადგურეს

აზოვის პოლკის მებრძოლები ხარკოვში, სამხედრო წვრთნებზე, 2022 წლის მარტი
 Sergey Bobok/AFP

რუსეთის მტკიცებით, ხარკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებით აზოვის პოლკის შტაბი გაანადგურეს. 

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით შტაბი პესოჩინის დასახლებულ პუნქტთან გაანადგურეს.

რამდენიმე დღის წინ აზოვის პოლკმა რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ 8 წლის წინ მათ მარიუპოლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს და ბოლო მოვლენებისთვის შურის ძიებას დაჰპირდა. 

"აზოვი ცოცხალია და ქალაქიც (მარიუპოლი) იცხოვრებს. შურს ვიძიებთ ყველაზე, ვინც მოკვდა, თითოეულ განადგურებულ შენობაზე". – წერდა პოლკი. 

აზოვის პოლკს შტაბ-ბინა უკრაინის რამდენიმე ქალაქში აქვს.

აზოვის პოლკის მებრძოლები, საზღვაო ქვეითებთან ერთად, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მათი ბოლო ძალები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყო გამაგრებული. ქარხნის ტერიტორიას თავს აფარებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და დაჭრილი სამხედროებიც.

17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. 

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. ამჟამად აზოვის პოლკის მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კომენტარები