რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრუშევი: რუსეთი უკრაინასთან შეთანხმების მიღწევით დაინტერესებულია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთი  უკრაინასთან მოლაპარაკებებით დაინტერესებულია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.

"რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკურ–დიპლომატიური შეთანხმებების სწრაფად მიღწევით, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას გამოიწვევს. თუმცა მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებები ამჟამად უკრაინული მხარის მიერ გაყინულია". - თქვა მან.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, რომ დიალოგის შეწყვეტა გამოიწვია “აშშ–ს, ინგლისის და მათი მოკავშირეების დესტრუქციულმა ქმედებებმა, რომლებიც აქეზებენ უკრაინას, რომ NATO-ში შევიდეს, აწვდიან იარაღს და კიევში ნაცისტურ–რუსოფობიურ განწყობებს აძლიერებენ".

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები