რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: აშშ არსად მიდის, არც ევროპა, მათთან კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს

დმიტრი პესკოვი
TASS

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში ომის გაგრძელებასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია "არსებითია" და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

"აშშ არსად მიდის, არც ევროპა. ასე რომ, როგორმე მოგვიწევს მათთან კომუნიკაცია - ეს აუცილებელია". - თქვა პესკოვმა. 

პესკოვის თქმით, ამჟამინდელი ვითარების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მხარე 2021 წლის ბაიდენისა და პუტინის სამიტის მდგომარეობას დაუბრუნდეს. პესკოვის აზრით, მაშინ ჯერ კიდევ დაძაბულობის განმუხტვის იმედი არსებობდა, რომელსაც სპიკერი "ჟენევის სულისკვეთებას" უწოდებს. 

"შესაძლებელია თუ არა ჟენევის სულისკვეთების დაბრუნება? ნაკლებად. ალბათობა იმისა, რომ არსებული იმედები დავკარგოთ, დიდია მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება ახლა". - თქვა პესკოვმა. 

პესკოვი აღნიშნავს, რომ ორი მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ძალის მქონე ქვეყნის ურთიერთობა "ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე" უნდა დაფუძნდეს. თუმცა, კრემლის სპიკერის აზრით, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მ, მოკავშირეებთან ერთად, კრემლს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა. 

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები